რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში Nato-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.
ხავიერ კოლომინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება. კოლომინასთან შეხვედრების დროს ყურადღება ქვეყნის წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გამახვილდება, ასევე ხაზი გაესმება ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას.
ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. ის ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.