logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძის მიმართ შეკითხვები გაჩნდა
- +

28 ივლისი. 2016. 11:06


 

გასაიდუმლოებული ფინანსური ოპერაციები, „იავნანას" ფონდიდან ნაყიდი ძვირადღირებული ჯიპები და დაკარგული 5 მილიონი



პაატა ბურჭულაძე გულწრფელი, როგორც ჩანს, მხოლოდ სცენაზე იყო. ახლა დემოკრატიის სახელით პოლიტიკაშია, მანამდე კი უმწეოთა დახმარების სახელით მასშტაბურ ქველმოქმედებას ეწეოდა.



ქველმოქმედება პოლიტიკა არ არის და ის ყველა მოქალაქეს აერთიანებს ერთი ნათელი საქმისთვის, სტიმულს აძლევს ადამიანებს, სოლიდარობა გამოუცხადონ მათ, ვინც ჩვენს დახმარებასა და თანადგომას საჭიროებს.



წლიდან წლამდე პაატა ბურჭულაძის „იავნანა" ფართომასშტაბიან აქციებს ატარებდა და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვებოდა აქციაში.



მეტი და მეტი რამდენია? რა თანხები შედიოდა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში" და რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ის? პასუხი ამ კითხვაზე არ გვაქვს.



არ გვაქვს იმიტომ, რომ „იავნანაში", როგორც მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა აგვიხსნა, ახლა ყველა შვებულებაშია და 20 აგვისტომდე არც არავინ იქნება. დეტალური ინფორმაცია კი საიტზე არ უდევთ. თეა ჯორბენაძის განმარტებით, დეტალური ინფორმაცია დაბეჭდილია ჟურნალებში „ბუღალტრული აღრიცხვა", „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები", თანაც გაუკვირდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ამ სპეციფიკურ ჟურნალთან წვდომა და გაბრაზებული ხმით დააყოლა: თუ თქვენ ვერ შოულობთ, მე მოგაწვდითო. იმედია, მოგვაწვდის.



სხვათა შორის, კანონი მათ ავალდებულებს ფინანსურ გამჭვირვალობას, ის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ საკითხს ისევ მივუბრუნდებით.



მანამდე კი ის, რაც ჩვენ საკუთარი წყაროებით მოვიძიეთ.



როცა ქველმოქმედებაში ერთვები, ფიქრობ, რომ ეხმარები იმას, ვისაც შენი თანაგრძნობა ძალიან სჭირდება, იმდენად უჭირდა, არ შეეძლო შვილების გამოკვება, მათი მკურნალობა ან მათთვის წიგნების ყიდვა. პრობლემა მრავალგვარია. თუმცა, ალბათ, ძნელია, წარმოიდგინო, რომ შენი გაღებული თანხები შეიძლება ისევ პაატა ბურჭულაძეს ხმარდებოდეს.



პარადოქსულად ჟღერს თუ სკანდალურად? შეიძლება ორივე ერთად. თუმცა, ციფრები მართლაც დაუჯერებლად გამოიყურება.



„პრაიმტაიმის" მიერ მოპოვებული დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ფონდმა „იავნანამ", ქველმოქმედების სახით, 9 მილიონამდე ლარი მიიღო და მხოლოდ 3 მილიონამდე დაიხარჯა ქველმოქმედებაში.



და მაშინ, სად წავიდა დანარჩენი 6 მილიონამდე ლარი? ინფორმაციისთვის: ფონდის ყველა თანამშრომელი ამჯერად შვებულებაშია, ანგარიშების მოძრაობის თაობაზე ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე არ მოიპოვება, თუმცა, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მოქალაქისთვის. ცხადია, როგორც თეა ჯორბენაძემ აგვიხსნა, სპეციფიკურ ჟურნალებში მონაცემები არის და ის ფინანსთა სამინისტროში დევს, მაგრამ აქ საუბარია მოქალაქეებისთვის ინფორმაციის წვდომაზე. ასე რომ, მონაცემები „იავნანას" ვებგვერდზე უნდა იყოს განთავსებული.



რატომ არ არის? გასაიდუმლოებულია? სად დაიკარგა დანარჩენი 6 მილიონი?



საკმარისია, ეს ლეგიტიმური შეკითხვები გაგიჩნდეთ, რომ მაშინვე მოინათლებით შავი პიარის ნაწილად და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, უფრო ადვილია, თავს დაგესხან სხვადასხვა ბრალდებებით, ვიდრე კითხვებზე პასუხი მოგცენ. შესაძლოა, მათი ლოგიკა აქაც არის.



ჩვენ უკვე მივმართეთ შესაბამის უწყებებს. ოფიციალური დოკუმენტების მიღებამდე, მხოლოდ გეტყვით, რომ „იავნანას" რამდენიმესართულიანი ოფისი აქვს კოსტავას ქუჩაზე, ჰყავს დიდი რაოდენობის სტაფი და ემსახურება ძვირადღირებული მანქანები.



ერთ-ერთი ინფორმაციით კი, „ტოიოტა ცენტრ თბილისიდან" გამოყვანილია ორი ავტომობილი „TOYOTA LAND CRUSER 200", სახ № IAV-001 და სედანის ტიპის ა/მ „TOYOTA CAMRY" სახ № IAV-002. ეს ძვირადღირებული მანქანები პირადად პაატა ბურჭულაძეს ემსახურებიან.



ემსახურებიან დღესაც, როცა ის უკვე პოლიტიკაშია და ფონდთან საერთო აღარაფერი უნდა ჰქონდეს. „TOYOTA CAMRY", რომლითაც დღეს უკვე პოლიტიკოსი ბურჭულაძე გადაადგილდება, ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ფონდის სახსრებით არის ნაყიდი. ანუ ეს ქველმოქმედების სახელით აკრეფილი ფულია, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ იმ ადამიანებს მოხმარდათ, ვინც ჩვენს დახმარებასა და თანადგომას ყველაზე მეტად იმსახურებს. არის კი პაატა ბურჭულაძე ასეთ ადამიანთა რიგში? საჭიროებს ის ჩვენს ფინანსურ მხარდაჭერას? ვიცოდით ჩვენ, რომ ფული, რომელიც ქველმოქმედებისთვის გადავრიცხეთ, ბურჭულაძის ფუფუნების საგნებს მოხმარდებოდა? გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რაში იხარჯება ჩვენ მიერ გაღებული თანხები?



კითხვა ბევრია, პასუხები კი - არა. „იავნანას" სტაფი 20 აგვისტომდე შვებულებაშია.



ვნახოთ, რას ამბობს კანონი.



საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმპერატიული მოთხოვნაა, ყოველი წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები იყოს საჯარო, ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. მათ შორის, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები.



საქველმოქმედო ფონდს, ფინანსური ოპერაციების გასაჯაროების ვალდებულების გარდა, კანონი ასევე ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს, ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს: ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით.


მარტივად რომ ვთქვათ, კანონის თანახმად, მხოლოდ შესაბამის უწყებებს კი არ უნდა ჰქონდეთ ფონდის ფინანსებზე წვდომა ყოველწლიურად, არამედ ყველა მოქალაქეს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია სპეციფიკური ჟურნალის გარდა, „იავნანას" ვებგვერდზეც უნდა არსებობდეს.



ფონდი 2004 წელს დაარსდა. პაატა ბურჭულაძემ ის საკმაოდ ჭკვიანურად ააწყო: მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქველმოქმედო კონცერტების, გლამურული მიღებების, მდიდრული საღამოების მოწყობა. პერმანენტულად ფონდი მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის შოუებსა და სარეკლამო კამპანიებში. ამ აქტივობების დეკლარირებული მიზანი მოქალაქეებისგან თანხების მოზიდვაა. ეს თანხები, წესით, სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა მოხმარდეთ.



ახლა პაატა პოლიტიკაშია. ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი გაიზარდა.



„პრაიმტაიმმა" უკვე წერილობით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ველოდებთ ინფორმაციას „პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდ იავნანას" ფინანსურ მდგომარეობაზე. აქვე ვიტყვი, რომ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს ფონდის დაფუძნების დღიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის ყოველი წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები და დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული და წარდგენილი ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტი.



შემოსავლების სამსახურს, თავის მხრივ, კანონი ავალდებულებს, მოგვაწოდოს ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია.



 

ქეთი ხატიაშვილი

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner