logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო და საქართველოს რეგიონში ლიდერის ფუნქცია დაუბრუნა
- +

20 ოქტომბერი. 2021. 15:17

 

„ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველო რეგიონში ძირითად, მძლავრ მოთამაშედ რჩება, რომელიც NATO-სთვის და აშშ-სთვის სტრატეგიულ პარტნიორს, ერთგულ მოკავშირეს და ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტს.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ და ლოიდ ოსტინმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რის შედეგადაც ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ 6 წლით გახანგრძლივდა:

 

„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს არაერთი მაღალი დონის სტუმარი ეწვია, მათ შორის, ცალსახად გამოსარჩევი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინას და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტია. მათი საქართველოში ჩამოსვლა, რიგით ვიზიტზე დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველო რეგიონში ძირითად, მძლავრ მოთამაშედ რჩება, რომელიც NATO-სთვის და აშშ-სთვის სტრატეგიულ პარტნიორს, ერთგულ მოკავშირეს და ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს!

 

სამწუხაროდ, ოპოზიცია საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნული ვიზიტები და ვიზიტის ფარგლებში, სტუმრების მიერ გაკეთებული შეფასებები ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას დასავლეთის დიდი მხარდაჭერა და ნდობა აქვს! ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო და საქართველოს რეგიონში ლიდერის ფუნქცია დაუბრუნა, (აღნიშნულს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას სიტყვები ადასტურებს). ფუნქცია, რომელიც სამწუხაროდ დაკარგული გვქონდა, ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს NATO-სთან თავსებადობა, მაგრამ ეს მუშა პროცესია, რომელიც მუდმივ დახვეწას და განვითარებას მოითხოვს.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ და ლოიდ ოსტინმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რის შედეგადაც ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ 6 წლით გახანგრძლივდა. ვიზიტების შემდეგ საგარეო ურთიერთობების კუთხით საქართველოსთვის ბევრი რამ შეიცვლება, პირველ რიგში ნატოში გაწევრიანების კუთხით, მოვიდა დრო NATO-მ შემხვედრი, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ასევე, დიდი ალბათობით, საქართველო გახდება აშშ-ის ძირითადი მოკავშირე NATO-ს გარეთ, აღნიშნული სტატუსით ისეთი ქვეყნები სარგებლობენ, როგორიც არის იაპონია, ისრაელი, ეგვიპტე და ა.შ.“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner