„თავშივე მინდა დავიწყო იმ დაუფარავი სიხარულით, რომელიც უკრაინის ოფიციალურ წრეებში სუფევს, საკუთარი ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის გაუჩინარებისა და იმის გამო, რომ იგი რამდენიმე წელიწადს ვეღარ დაუბრუნდება უკრაინას“, – ამის შესახებ დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
„თავად გაუჩინარებასთან დაკავშირებით, აქ აქტიურად მუსირებს აზრი – რომ უკრაინის ტერიტორიიდან მისი უკანონო გაყვანა რუსეთის სპეცსამსახურებისა და მათი ზეგავლენის ქვეშ მყოფი, ცალკეული უკრაინელი მესაზღვრეებისა და მებაჟეების მეშვეობით განხორციელდა. თუმცა ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის ოფიციოზი ამის გამო ФСБ-სა თუ ГРУ-ს მიმართ თავის მადლიერებას არ მალავს. ახლა კი ახალ ამბებს დავუბრუნდეთ.
2021 წლის მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, ე.წ. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სანქციების გამოყენების თაობაზე. მათ შორის იმ პირთა მიმართაც, რომლებმაც უკრაინის საიმიგრაციო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები დაარღვიეს.
საქმე იმაშია, რომ 2015 წლის მაისში, უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების პირველი მცდელობის დროს, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის კანონმდებლობას დაუმალა ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა როგორც მინიმუმ, საქართველოს სასამართლოს სამი გამამტყუნებელი განაჩენი.
გარდა ამისა, 2018 წელს მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინა-პოლონეთის საზღვარი, ხოლო 2019-2021 წ.წ. ხელმძღვანელობდა „მარტივი გადაწყვეტილებების ოფისს“, რომელიც რეალურად და ღიად აფინანსებდა და კოორდინირებას უწევდა, საქართველოს ტერიტორიაზე ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა საქმიანობას. ხოლო ამა წლის სექტემბერში, მან ხელმეორედ, უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და დაკავებული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინის ჟურნალისტური წრეების წარმომადგენლებმა განცხადებით უკვე მიმართეს ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს, რათა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში – როგორც უკრაინის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და სახელმწიფო საზღვრის არაერთგზის უკანონოდ დამრღვევი პირის, ასევე “პირის, რომელიც საკუთარი ავტორიტეტისა თუ პირადი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოყენებით ახორციელებს დანაშაულებრივ გავლენას და დანაშაულის ჩამდენ დამნაშავე პირთა კოორდინირებას” (უკრაინის სსკ 255-ე მუხლის 1-3 პუნქტები) – აღძრული იქნას მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმე და იგი მიეცეს პასუხისგებაში, ამჟამად უკვე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად.
ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურმა ისტორიამ, შეიძლება უკვე საერთაშორისო მასშტაბი მიიღოს – მანამდე კი, უკრაინა დაწყნარდა, უკრაინა ხარობს და საქართველოსადმი თავის მადლიერებას არც კი მალავს, რაც როგორც მინიმუმ, კოხტა კოდუას ხასიათზე ძალზე უარყოფითად აისახება“, - წერს დავით ქართველიშვილი.