საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტი და აღნიშნული ბრალდებით დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, - გადირ ახმედივი, ოქტაი მამედოვი და ალი ნურიევი საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, „PERSIL"-ისა და „ARIEL"-ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.