logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: დიდი პატივია, ვიყო საბერძნეთში, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
- +

20 ოქტომბერი. 2021. 21:57

 

 

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საბერძნეთში, დასავლური ცივილიზაციისა და დემოკრატიის დაარსების ადგილას. ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია დიდებული კულტურული მემკვიდრეობა და უძველესი ისტორია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

 

„ათენს ვსტუმრობ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში, სადაც თავადაც ვისაუბრებ გარემოს თემაზე. ეს არის ის საკითხი, რაზეც ყველა ჩვენგანი ზრუნავს. უნდა ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რომ გარემო სათანადოდ იყოს დაცული და მომავალ თაობებს ჰქონდეთ ჯანსაღი ცხოვრება.

 

ამავე დროს, ათენში ვსტუმრობ ჩვენს მეგობრებს. საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საბერძნეთში დიდი ქართული დიასპორა ცხოვრობს. მადლობას გიხდით რთულ პერიოდში მათი და ქართველი ხალხის გულთბილი მიღებისთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო ახლა ძალიან საინტერესო პერიოდს გადის.

 

„ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და გადაწყვეტილება, გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და შეუერთდნენ ევროკავშირის ოჯახს არის ის, რაზეც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ მომდევნო წლებში, რაც ნიშნავს ბევრ რეფორმას, ბევრ ამბიციურ წინგადადგმულ ნაბიჯს. სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა პარლამენტებს შორის. თქვენი მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელი იქნება რეფორმების განხორციელების ნაწილში, რათა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი წარმატებული იყოს.

 

მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, შემდეგი დღეების მანძილზე განვიხილავთ საკითხებს, რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, გვექნება შედეგები, ვინაიდან მასში მონაწილე ყველა თავმჯდომარე ერთგულია ამ საკითხების და მოწადინებულია, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ.

 

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. მოხარული ვიქნები, უახლოეს მომავალში თავადაც გიმასპინძლოთ საქართველოში“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner