შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პაციენტთა 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან.
სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წლის აპრილიდან დღემდე 14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო C ჰეპატიტის პროექტში.
„5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ბოლო სამი თვეა ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი, სიმძიმის, რაიმე რისკ-ჯგუფის და მნიშვნელოვნად გავზარდეთ პაციენტების ნაკადი. თუ თვეში მანამდე შესაძლებელი იყო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა ავდივართ თვეში 3000 პაციენტზე. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 ათასამდე ადამიანისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ინფიცირებულია ამ დაავადებით საქართველოში",- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა განხორციელებულიყო, აუცილებელი იყო, რომ მთავრობისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო პრიორიტეტული და ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და მთელ გუნდს, ვინც ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა. 28 ივნისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰეპატიტის დღედ გამოაცხადა.