„ურბანული მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ავარიული შენობა-ნაგებობები, დაახლოებით 10 000 შენობა გვაქვს ქალაქში. საერთოდ არავინ დაინტერესებულა ამით აქამდე, მხედველობაში მაქვს ოპოზიციური მედიასაშუალებები. როდესაც ბათუმში მოხდა ეს სამწუხარო ტრაგედია, მას შემდეგ უცებ ყველა ალაპარაკდა, თურმე რა პრობლემები გვქონია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„შე დალოცვილი, 2 თვეა მაგაზე ვსაუბრობ და საზოგადოებას წარვუდგინე გამოსავალი, როგორ შეგვიძლია ეს პრობლემა მოვაგვაროთ მომდევნო წლების განმავლობაში. დავდეთ კონკრეტული ხედვა თავისი წესებითა და რეგულაციებით. 10 000 შენობის ჩანაცვლებას ხომ გარკვეული წლები, დრო დასჭირდება. მთავარია, ჩვენ დავდეთ ეს პროგრამა, თავისი წესებით. ხვალ შეიძლება მე არ ვიყო, გავა 10-15 წელი, იქნება ეს და ამ პროგრამის საშუალებით დედაქალაქის ყველა მთავრობას შესაძლებლობა ექნება იხელმძღვანელოს და ეს ავარიული შენობა-ნაგებობები ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული ტიპის, მოწესრიგებული, განახლებული სახლებით“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განმარტებით, ავარიულ შენობებს კატეგორიები აქვს მინიჭებული.
„ისეთი საცხოვრებელი სახლებიდან, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, ყველა ოჯახი გვყავს გაყვანილი ქირით და ამ თანხას იხდის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. ჩვენთვის ყველაზე მთავარია ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ყოველწლიურად მილიონობით ლარი იხარჯება. გარდა ამისა, მილიონობით ლარი იხარჯება გამაგრებით სამუშაოებზე, რაც შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ არ ღირდეს ამის გაგრძელება: 4-5 წელი გადის და შემდეგ ისევ ავარიული ხდება ეს სახლი და სარეაბილიტაციო ხდება. ამიტომ ჩანაცვლების პროგრამა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ იმ კონკრეტული სახლებიდან, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, დავიწყოთ განასახლება, 2 წლით გაგვყავს იქ მცხოვრები ადამიანები, არანაირი გადასახადი მათ არ ექნებათ, იჯარისა და ქირის თანხებს გადაიხდის მერია. ჩვენი ჩართულობითა და სამშენებლო კომპანიების დაქირავებით აშენდება მაგალითად 5-სართულიანი „ხრუშოვკის“ ნაცვლად ახალი, ქართული არიქიტექტურით დაახლოებით 8-სართულიანი სახლი და ამ ოჯახებს დაუბრუნდებათ გარემონტებული სახლები“, - განაცხადა კახა კალაძემ.