logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

21 ოქტომბერი. 2021. 10:19

 

 

კარლ ჰარცელი და ლორენს მერედიტი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მივიდნენ და საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა კორპუსის ეზოში აღმართულ ე.წ. გლოვის კედელთან ყვავილები მიიტანეს.

 

ჰარცელი და მერედიტი აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდებიან. ამასთან, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში „შავი ზღვა - საუბრები კავშირების განმტკიცებაზე".

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის - 3 ბავშვი. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, ვინც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

 

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner