logo_geo
eng_logo
ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა
- +

21 ოქტომბერი. 2021. 10:45

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა.

 

შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირებასაც ითვალისწინებს.

 

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD, მთავრობას დახმარებას უწევენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასა და მათ კორპორატიზაციაში.

 

„დღეს მორიგი შეხვედრები გვქონდა როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე აზიის განვითარების ბანკთან. მსოფლიო ბანკთან შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი. სწორედ კორპორატიზაცია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის ამის გზა, რაშიც მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვეხმარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში უკვე გვაქვს წარმატებული მაგალითი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სახით, სადაც უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით, სადაც უკვე ხდება კორპორატიზაციისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და შესაბამისი სტრუქტურების, წესებისა და რეგულაციების დანერგვა.

 

„ამან უკვე მოიტანა ის შედეგი, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა პირველად მრავალი წლის შემდეგ, არის უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც ბიუჯეტს დივიდენდებს გადაუხდის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner