„ვფიქრობ, მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. არჩილი არის მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეფორმებში. ამჟამად გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რასაც წარმატებით ართმევს თავს. არჩილმა გადაწყვიტა, რომ შემოუერთდეს ჩვენს საპარლამენტო გუნდს და უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში", - ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების" ახალ სახეებს შორის შს მინისტრის მოქმედი მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
„პრაიმტაიმი" დაინტერესდა, რას ფიქრობს თალაკვაძე „ქართული ოცნების" შეუსრულებელ დაპირებებზე? უკანონო მოსმენებზე? შსს-ს დეპოლიტიზებასა და არაფორმალურ მმართველობაზე? გთავაზობთ ინტერვიუს არჩილ თალაკვაძესთან.
- ბატონო არჩილ, დიდი ხანია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ იქნებოდით „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, თუმცა, ბოლო დრომდე ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდებოდა... რატომ გადაწყვიტეთ, პოლიტიკაში გესინჯათ ძალები და უშუალოდ ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?
- საპარლამენტო კამპანიაში ჩართვის გადაწყვეტილება თანაგუნდელებთან შეთანხმებით მივიღე. „ქართული ოცნება" და ის ადამიანები, რომელთაც საქართველოში ადამიანური, გაწონასწორებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრეს, ჩემთვის ახალი არ არის - 4 წელი „ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდში პოლიტიკურ თანამდებობებს ვიკავებდი და პოლიტიკასთან მუდმივი შეხება მქონდა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს.
- რა იქნება თქვენი პრიორიტეტული მიმართულება საკანონმდებლო ორგანოში?
- ჩემი სამუშაო გამოცდილება სამართალდამცავ სექტორს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ადამიანის უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება. დიდი ალბათობით, კანონშემოქმედებით საქმიანობაში ამ მიმართულებებით ჩავერთვები.
- არაფორმალურ მმართველობაზე რა აზრის ხართ? ხშირად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ გავლენებს ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე...
- ამაზე საუბარიც კი სასაცილოა. რატომ ექნება მას სურვილი, არაფორმალურად მართოს ქვეყანაში პროცესი, როცა საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი. მე სრულად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხედვას და ვფიქრობ, შემდგომი რეფორმები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში აუცილებლად წარმატებულად ჩატარდება. ასევე სწრაფი ტემპებით განვითარდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სახელმწიფო მმართველობის სისტემა. ჩვენ შევძლებთ მოსახლეობისთვის თავისუფლების, სწრაფი განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდიდან შემიძლია, გავიხსენო მასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი - როდესაც მან, როგორც პრემიერმა, სწრაფი, ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღო სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების თაობაზე. ამ პროგრამამ საქართველოში სიცოცხლის შანსი დაუბრუნა ბევრ ადამიანს - ბევრ ოჯახს შეუნარჩუნა მამა, შვილი, ძმა და დედა.
- რამდენად რეალისტური იქნება „ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებები?
- „ქართული ოცნების" პროგრამა თავისუფლების დაცვაზე, სწრაფი განვითარების უზრუნველყოფასა და სოციალური კეთილდღეობის მიღწევაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების, ადამიანების ხმა და წუხილები იქნება გათვალისწინებული ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური და განათლების სისტემის რეფორმები გატარდება წარმატებით. ეს ნიშნავს, რომ განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება მეწარმეობა, ტურიზმი, მომსახურების სფერო და მოხდება საქართველოს ტრანზიტული და გეოპოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია - რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ბევრ ოჯახს და უკეთეს შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს შვილებს.
- დარწმუნებული ხართ, რომ მმართველი გუნდი მყარ უმრავლესობას მოიპოვებს?
- ჩვენი განახლებული გუნდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ ჩვენი მოსახლეობის კულტურაში, განათლებასა და პატრიოტიზმში, შეუძლებელია, ჩვენმა საზოგადოებამ მცდარი არჩევანი გააკეთოს. ჩვენ შევძლებთ ყველა ღირსეულ ადამიანთან და ძალასთან თანამშრომლობას ქვეყნის ინტერესებისთვის.
- 2012 წლის „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო... ფიქრობთ, რომ ეს დაპირება შესრულებულია?
- ყველაზე დიდი უსამართლობა, რომ ადამიანები ვერ ახერხებდნენ, საკუთარი შვილების, მშობლებისა და მეუღლეებისთვის მკურნალობის ფული ეშოვათ ავადმყოფობის დროს; როცა ყოველ დილით საპატიმრო დაწესებულებებთან მდგარი დედები შიშით ელოდნენ საკუთარი შვილის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს; როცა ადამიანები მანქანებს, სახლებსა და საკუთრებას ჩუქნიდნენ სახელმწიფოს ღამღამობით და როცა არჩევნებზე მიმავალ ადამიანებს გზაზე ლურსმანებს უყრიდნენ - ჩვენ დავასრულეთ. ახლა დროა, მეტი დოვლათი და შემოსავალი გამოიმუშაოს თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა, უკეთესი განათლება მიიღონ ჩვენმა შვილებმა და კეთილდღეობა მივიდეს თბილისიდან ყველაზე დაშორებულ ქალაქებსა და სოფლებში.
- დღეს რამდენად დეპოლიტიზებულია უწყება (შსს), სადაც თქვენ ჯერ კიდევ რჩებით მაღალ თანამდებობაზე?
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ადამიანებზე ძალადობის გარეშე. ეს მოხდა არაერთი პოლიციელის გმირობისა და თავდადების ხარჯზე. თქვენ ვერც ერთ მაგალითს ვერ მომიყვანთ, როცა პოლიცია პოლიტიკური პარტიის სახელით იცავდა ჩვენს თანამოქალაქეს, ან დამნაშავეებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სახელით ებრძოდა. ჩემთვის ყოველთვის საამაყო იქნება, რომ ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენს პოლიციელებთან და მაშველებთან ერთად თქვენ გემსახურებოდით. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესითა და შემართებით ვაპირებ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წარმატებაში. მეორე მხრივ, გული მწყდება, რომ, კანონის თანახმად, დადგენილ ვადებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემი უფლებამოსილება წყდება.
- უკანონო მოსმენებსა და მოყურადებაზეც მინდა გკითხოთ... გასულ კვირას საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ გზით ცდილობენ კონკრეტული მოსამართლეების დაშანტაჟებას... როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია პაპუაშვილის ეს განცხადება და რით შეგიძლიათ, დაარწმუნოთ საზოგადოება, რომ უკანონო მოსმენების მანკიერი პრაქტიკა მართლა ჩაბარდა, წარსულს?
- თუ ეს ნამდვილად ასეა, გამოჩნდება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კონკრეტულ ადამიანებს, ფაქტებსა და მტკიცებულებებს დაასახელებს. მოლოდ განცხადებები, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში - საზოგადოებისთვის არ არის საკმარისი. ამ განცხადების გაკეთებისთანავე პრემიერ-მინისტრი ბატონ პაპუაშვილს დაუკავშირდა. უდავოა, რომ მან მტკიცებულებები, თუ ასეთი მართლაც არსებობს, პროკურატურას უნდა წარუდგინოს
როგორც მედიით გადმოიცა, სხვა მოსამართლეებმა უკვე გააკეთეს კომენტარები ბატონი პაპუაშვილის განცხადებაზე და თქვეს, რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა. ამიტომ, მართლაც საინტერესოა, რამდენად საფუძვლიანია თავმჯდომარის განცხადება.
- და ბოლოს, გკითხავთ - არსებობს თუ არა კონკრეტული დამოკიდებულება „ქართული ოცნების" ძველ და ახალ სახეებს შორის?
- არსებობს ერთიანი გუნდი, ერთიანი ხედვა და მიზნები. საქართველოს ისტორიაში საკმარისი გაკვეთილები გვისწავლია და ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ძველ და ახალ თაობებად დაიყოფიან და ერთმანეთს დაასუსტებენ. გულწრფელად გითხრათ, მე პირადად ინტერესით ველოდები საპარლამენტო საქმიანობაში ჩემზე გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობას. თავს მოვიაზრებ იმ გუნდში, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა წარგვადგინა და რომელშიც ყველანი ვართ საქართველოს მხარეს.
მირიან ბოქოლიშვილი