გრაკლიანმა, რომელმაც, ჯერ იყო და, მე-7 საუკუნით დათარიღებული წარწერით გააოცა ქართველი საზოგადოება, ამერიკული ექსპერტიზის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო. წარწერა, უფრო ძველი, ძვ. წ. აღ. XI-X საუკუნეების გასაყარის აღმოჩნდა. ერთადერთი ქართველი მეცნიერი, რომელიც ქართული ანბანის შექმნას იმავე პერიოდში ვარაუდობდა, პროფესორი ალიკო ცინცაძეა.
„ეს მინიმალურად უკიდურესი პერიოდია", - აცხადებს იგი, - „თანაც, ვინ გითხრათ, რომ ვვარაუდობდი? მათემატიკური მეთოდი, რომელიც მე გამოვიყენე, იმდენად ზუსტია, რომ ეს მტკიცებად უნდა მიიღოთ. რამდენიმე წლის წინათ, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერზე მუშაობისას, წავაწყდი მეთოდს, რომელიც მისი შიფრის გასაღები იყო. ამ დროს ეს მეთოდი უცხო იყო ქართველი მეცნიერებისთვის. გასაკვირიც არაფერია, ეს ბიბლიის დაშიფვრის მეთოდია - ჰემატრია და საბჭოთა ცენზურა კრძალავდა ამ თემებზე მუშაობას. ამ დროს იგი რიცხვულ სიმბოლიზმზე დამყარებული მეთოდია, და მისი გამოყენებით ალბათურად შემოწმებული შედეგების მიღებაა შესაძლებელი. ასე გავედით ანბანის დათარიღებაზე და შევაფასეთ ქართული ანბანის შესაქმეს პერიოდი. სასიამოვნოა, რომ ამერიკულმა ექსპერტიზამ იგივე დაადასტურა, ე. ი. სწორად აფასებენ, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. ვვარაუდობ, რომ ქართულ ანბანთან მიმართებაში აღმოჩენები წინაა, რაც კიდევ უფრო შორს წაგვიყვანს დროის მიღმეთში..."
მეცნიერი აცხადებს, რომ „გრაკლიანის ტოპონიმის კვლევისას იმავე მეთოდმა, ჰემატრიამ, გათხრებამდე დააფიქსირა ქურუმთა და მზე ღმერთის სამლოცველოს იქ არსებობა. რამდენად ზუსტია იგი, სამწუხაროდ, ამაზე აღმოჩენამდე გამოქვეყნება, გახმაურება, ვერ მოვასწარი. მთავარი ისაა, რომ იმდენად დიდი იყო გრაკლიანის ტაძრის მნიშვნელობა, შემდეგში იგი გრაალის თემას დაუკავშირდა, და ამითაც არის იგი საინტერესო... ვფიქრობ, გათხრები კიდევ ბევრ არტეფაქტს მოიტანენ, და კიდევ უფრო დაგვარწმუნებენ, რამდენად დიდი იყო იბერიული ცივილიზაციის წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში".
ალიკო ცინცაძის თქმით, დადასტურდა ისიც, რომ ეს ტოპონიმიც (გრაკალი) ჰემატრიულადაა შექმნილი. რაც უკვე ნიშნავს, რომ იმ პერიოდში ქართული ერთიანი ანბანური სისტემა უკვე ჩამოყალიბებულია.
„სწორედ ამაზე გეუბნებით, რომ იგი მიკვლეული იქნება. თუმცა ამ ჰემატრიულმა ანალიზმაც ისე ცხადად აჩვენა მისი არსებობა, ალბათურად, სხვა ვარიანტი არც რჩება. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა ეწეროს სამსხვერპლოზე, როგორიც არ უნდა იყოს გრაფიკა, ამ დროს ქართულ ანბანური სისტემას დასრულებული სახე აქვს. აი, დასკვნა, რომელსაც ვერცერთი საექსპერტო ბიურო ვერ მოგცემთ, თუ ქართულ ჰემატრიას არ გამოიყენებს", - აცხადებს ალიკო ცინცაძე.