„სააკაშვილი უბედურების მომტანი იყო ამ ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი ამ უბედურებაში დატოვა და უბედურად აქცია!“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა ბონდო მძინარაშვილმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. მან და მისმა მანიაკალურმა რეჟიმმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასწინათ მკითხეს, სააკაშვილის დაპატიმრება თუ შეუმსუბუქებს მდგომარეობას იმ ადამიანებს, ვისი ოჯახის წევრებიც შეეწირნენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსო. მე ვუპასუხე, რომ ვერ შეუმსუბუქებს! იმიტომ, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ამ ადამიანებს ბედნიერს ვერ გახდის! თამაზ მოლაშვილი ბედნიერი ვერ იქნება! თამაზ მოლაშვილი მისი შვილიშვილების ბედნიერებით უნდა ხარობდეს და არა მისი შვილის მკვლელის დაპატიმრებით! თათია მოლაშვილი, სულხანის მეუღლე, ბედნიერი ვერასოდეს იქნება! იმიტომ, რომ მას მეუღლე უწამეს! სააკაშვილის დაპატიმრება ვერ შეუმსუბუქებს ტკივილის ვაზაგაშვილების ოჯახს! ჯამბულ და გულიკო გამცემლიძეებს ვერ შეუმსუბუქებს! ია მეტრეველს და სოსო რობაქიძეს ვერ შეუმსუბუქებს! ციცინო შავაძეს რა უნდა შეუმსუბუქოს, ქმარი, როინ შავაძე წამებით მოუკლეს! სერგო თეთრაძის ოჯახს რა უნდა შეუმსუბუქოს სააკაშვილმა?! სააკაშვილმა ცოცხლად რომ დაიწვას თავი, ეს ადამიანები ბედნიერები ვეღარ იქნებიან იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ბედნიერება წაართვა სააკაშვილმა! ბედნიერება წაართვა რუსუდან შარაძეს! გურამ შარაძე მოკლეს და მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე საათით დემონსტრაციულად დატოვეს და გამვლელ-გამომვლელს აყურებინეს. როგორ შეიძლება, სააკაშვილის დაპატიმრებით იყვნენ ეს ოჯახები ბედნიერნი?! სააკაშვილი უბედურების მომტანი იყო ამ ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ადამიანი ამ უბედურებაში დატოვა და უბედურად აქცია! ლია კრიალაშვილი როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს, როდესაც ძმა მოუკლეს ასე უმოწყალოდ?! ართმელაძე, გორგაძე და სურმანიძე _ აჭარელი ბიჭები, სრულიად უდანაშაულო 20-21 წლის ბიჭები ნავთლუღში ჩაცხრილეს. ბოდიშს ვიხდი მკითხველთან, ძაღლებივით ჩახოცეს! როგორ შეიძლება, მათი მშობლები ბედნიერნი იყვნენ იმის გამო, რომ სააკაშვილი, ეს გარეწარი ციხეში ზის?! ესაა მისი დანაშაულები და რამდენი ასეთი კიდე. რამდენ ადამიანს გამოატარა ციხის ჯოჯოხეთი, თვითონ რომ მეორე ლეიბს ითხოვს და ტელევიზორს. თითქოს ახლა ვინმე შეუტანდა. ეს ყველაფერი თვითონ უნდა ეყიდა, ძალიან კარგად იციან ადვოკატებმა ციხის წესები! ბრეივიკი, ჩვეულებრივი სადისტი გვყავს ახლა ციხეში! იმდენი ხანი ეშიმშილა, სანამ შიმშილისგან სული არ გასძვრებოდა! ძალიან ბევრი ადამიანი მისი მმართველობის დროსაც შიმშილობდა, შემდეგ სადისტურ რეჟიმს მოშიმშილე, დასუსტებული, დაოსებული ადამიანები აბანოში მიჰყავდათ და ცემაში სულს ხდიდნენ! მერე კი მორგში გვამებზე აბამდნენ! ეს იმ რეჟიმის წარმომადგენელი და ხელმძღვანელია, რომელმაც რომან შამათავას მეშვეობით გაიყვანეს ადამიანები და დახვრიტეს, ფეხზე გამოაბეს ლოდი და გადააგდეს ზღვაში. ოჯახებს მიცვალებულიც არ ჰყავთ. ესენი როგორ ბედავენ საერთოდ რამეზე ლაპარაკს?! ახლა ცდილობენ, გმირად გამოიყვანონ!“ - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.