„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონს ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ნატოს სამი მოკავშირე შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები არიან: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონში ორი ძალიან ახლო პარტნიორი გვყავს: საქართველო და უკრაინა. ჩვენ ყირიმის უკანონო ანექსია ვიხილეთ. შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიული ქცევა ვიხილეთ. რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ. მუდმივად ხდება იმის შეფასება, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ძალების სწრაფად განთავსების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.