logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: მასობრივი ვაქცინაციით შეიძლება მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება
- +

22 ოქტომბერი. 2021. 01:59

 

 

„აჭარის მაგალითი უფრო მოკრძალებულია, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვიამაყოთ - რეგიონი, რომელიც ერთი წლის წინ ყველაზე მძიმე ტალღის სათავედ და ეპიცენტრად იქცა, დღეს პირველია, რომელმაც ვაქცინირების ეროვნული გეგმით დასახული სამიზნე - 60% წარმატებით გადალახა და მოსახლეობასთან შეფარდებით ინფიცირების და ლეტალობის ყველაზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებს!“, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„მასობრივი ვაქცინაციით შეიძლება მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესება - აჭარის მაგალითი!

 

კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ გარკვეულ პერიოდში ჩამორჩენის და სერიოზული კოვიდ-ტალღის მიუხედავად, თუ მძიმე გამოცდილებიდან სწორი გაკვეთილი იქნა გამოტანილი, - გაუმჯობესებამდე მივდივართ.

ბრიტანეთმა უმძიმესი პირველი ტალღის შემდეგ უარი თქვა პოპულაციური იმუნიტეტის იმედად თავდაცვაზე და ვაქცინაციის ყველაზე სწრაფი მაგალითი აჩვენა 2021 წლის გაზაფხულზე - შედეგი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შთამბეჭდავი გაუმჯობესება. - შემთხვევების 25-ჯერ, ხოლო სიკვდილობის 120-ჯერ შემცირება.

საფრანგეთმა, რომლის მოსახლეობა, ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ვაქცინაციის მიმართ ყოყმანით (60%-ზე მეტი არ აპირებდა აცრას), სწორი სტრატეგიული კომუნიკაციით, მწვანე პასპორტების შემოღებით და სამიზნე სექტორებში სავალდებულო ვაქცინირებით, დღეს იმუნიზაციის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (72%) და შემთხვევების და სიკვდილობის დაბალ ციფრებს მიაღწია. მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ხელისუფლების კოვიდ-პოლიტიკას.

იაპონია, სადაც ვაქცინირების ძალიან გვიან და ნელა დაწყების (მაისში მხოლოდ 1% ვაქცინირება!)  გამო ტოკიოს ოლიმპიადის პერიოდში და შემდეგ შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, მასობრივი ვაქცინირების (ახლა 67% აცრილია) და პირბადეების განუხრელად ტარების წყალობით ქვეყანა დღეს სანიმუშო შედეგებს აჩვენებს.

აჭარის მაგალითი უფრო მოკრძალებულია, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვიამაყოთ - რეგიონი, რომელიც ერთი წლის წინ ყველაზე მძიმე ტალღის სათავედ და ეპიცენტრად იქცა, დღეს პირველია, რომელმაც ვაქცინირების ეროვნული გეგმით დასახული სამიზნე - 60% წარმატებით გადალახა და მოსახლეობასთან შეფარდებით ინფიცირების და ლეტალობის ყველაზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებს!

 

მთავარია, რომ არ დავკარგოთ ოპტიმიზმი და დროულად გავაკეთოთ სწორი არჩევანი, რითაც გადავარჩენთ ათასობით სიცოცხლეს და ცხოვრებას ნორმალურ რეჟიმში დავაბრუნებთ! ასევე მნიშვნელოვანია, მიღწეულმა წარმატებამ თავბრუ არ დაგვახვიოს და საჭირო რეკომენდაციები აუცილებელი მასშტაბით და დროით შევინარჩუნოთ!

 

“მოხარული ვარ, რომ აჭარამ შეძლო სამიზნე კონტიგენტის 60%-ზე მეტის ვაქცინაცია. ჩვენი მიზანია 18 წელს ზემოთ მოსახლეობის სრულად იმუნიზაცია. ამისათვის დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზრდება სოფლებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სხვა რეგიონებთან შედარებით აჭარაში კორონავირუსის შემთხვევათა სიმცირე სწორედ ვაქცინაციის მაღალი მოცვის მაჩვენებელს უკავშირდება”, – აცხადებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება შესაძლებელია, ჰოსპიტალურ დაწესებულებეში, ამბულატორიებში, ასევე სპეციალური სივრცეა გამოყოფილი უნივერსიტეტის შენობაში. მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვაქცინის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ“, - წერს კირტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner