საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ გავრცელებული ანგარიშის პასუხად ავრცელებს.
თანხების ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით. პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე პერიოდში პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები) შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა.
„გამოქვეყნებული ანგარიშის „შრომის ანაზღაურების" თავში მოცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ შრომის ანაზღაურების სახელფასო ფონდი არ არის გაზრდილი თანამდებობის პირთა (მთავარი პროკურორი, პირველი მოადგილე და მოადგილეები, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები) შრომის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე, არამედ ზრდა გამოწვეულია პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის 188 ერთეულით ზრდით, რაც არ არის ნაჩვენები შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის ტენდენციასთან მიმართებაში, რაც საზოგადოების მიერ ინფორმაციის არასწორად აღქმასა და შეცდომაში შეყვანას იწვევს. კერძოდ 2011 წელს პროკურატურის მუშაკთა საშუალო რაოდენობა იყო 626 თანამშრომელი, 2015 წლის მდგომარეობით კი შეადგენს 814 თანამშრომელს. თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა განაპირობა პროკურორთა სამუშაო დატვირთვის მატებამ, რაც გამოიწვია მიმდინარე საქმეებთან ერთად, ათასობით მოქალაქეთა საჩივრებმა ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით და აღნიშნულ ფაქტებზე წარმოებულმა არაერთმა რეზონანსულმა გამოძიებამ, ასევე პროკურატურაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებით გამოწვეულმა საჭიროებებმა, კერძოდ, პროკურატურის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით 2015 წელს შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების სამმართველო, ასევე ჩამოყალიბდა პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და პროგრამული მხარდაჭერის ცენტრი", - აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ინფორმაციით, IDFI-ს ანგარიშის „შრომის ანაზღაურების" თავში განმარტებულია, რომ „2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებით შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით.
„ხსენებულთან დაკავშირებით ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირებს შრომის ანაზღაურება (სარგო/პრემია/დანამატი) არ გაზრდიათ. შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გამოწვეულია რიგითი თანამშრომლების და არა თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდითაც, რომელიც 2015 წლის მდგომარეობით შეადგენს საშუალოდ დარიცხულ 2469 ლარს და 2011 წლის შესაბამის შრომის ანაზღაურებასთან (1721 ლარი) შედარებით გაზრდილია 43%-ით ანუ 748 ლარით. აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული მუშაკს სამუშაოს დიდი მოცულობის გამო ყოველდღიურად არასამუშაო დროსაც სისტემატურად უწევთ მუშაობა, წარმოებაში აქვთ ათეულობით სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, მათი შრომის ანაზღაურების ზრდა კავშირშია მათ მიერ გაწეულ საქმიანობასთან. ამავდროულად, თითოეული პროკურორის საქმიანობა დაკავშირებულია სიცოცხლისთვის მომეტებულ საფრთხესთან, ვინაიდან პროკურატურის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს დანაშაულებრივ სამყაროსთან და დანაშაულთან ბრძოლა. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს კორუფციის გავრცელების მაღალი რისკი, რისი მწარე გამოცდილებაც ქვეყანას ჰქონდა წარსულში.
ასევე ანგარიშში მოცემულ შენიშვნებზე, რომელიც ეხება პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას განვმარტავთ, რომ პროკურატურა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ასაჯაროებს ინფორმაციას პროკურატურის მიერ საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის მქონე სხვადასხვა რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე გაწეული საქმიანობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.