ვარძია კიდევ უფრო ღირებული და საინტერესო ხდება. არქეოლოგებმა ისტორიული ძეგლის აქამდე უცნობ იარუსებს კომპლექსის დასავლეთ ფერდზე მიაკვლიეს.
ახლად აღმოჩენილი იარუსები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებისგან სართულების რაოდენობის გარდა, სხვა კრიტერიუმებითაც განსხვავდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ უკვე გამოკვლეული ქვაბულებისგან განსხვავებით, რომელთაც სენაკების დანიშნულება ჰქონდა, ახალაღმოჩენილი დიდი დარბაზები საცხოვრებელ-სამეურნეო ფუნქციას ატარებდა. განსხვავებულია არქიტექტურაც.
სართულების დამაკავშირებელი შიდა გვირაბები მხოლოდ ახალგამოკვლეულ ნაწილში აღმოჩნდა. ვარძიის დანარჩენ მხარეში კი იარუსებს შორის ფასადური, დერეფნული კავშირი იყო. კომპლექსის ეს დარბაზიც უნიკალურია. მოზრდილ გამოქვაბულში გვერდიგვერდ 2 თონეა მოწყობილი.
გამოწმენდილ ყველა დარბაზს დამატებითი ნაგებობა აქვს, რომელიც პროდუქტის შესანახად გამოიყენებოდა.
ქვაბულების არქეოლოგიური კვლევისას ნაპოვნი მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი, მთლიანად ნამსხვრევებად არის ქცეული, თუმცა შეწებებული ისტორია შუა საუკუნეების ყოფაზე გვიამბობს. ფიალებისა და ქოთანის ფორმები მარტივია. მარტივი ორნამენტია დატანილი ერთ-ერთ სარქველზე. ფერადი მხოლოდ ფილებია. ცისფერი, შავი და მწვანე, შეიძლება ითქვას, შუა საუკუნის აქაური ქართველების საყვარელი ფერებია. ფილებს მე-13 საუკუნის ბოლოს სამარხების და სახურავების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ.