ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, რა კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი ბათუმის საკრებულო, „ქართული ოცნება“ დაგეგმილ რეფორმებს მაინც განახორციელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე ახლად არჩეული ბათუმის საკრებულოს შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ ილაპარაკა.
„პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 16 წევრითაა წარმოდგენილი. 35 კანდიდატიდან ჩვენ არ გვაქვს სრული უმრავლესობა. მაგრამ ბათუმის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ჩვენი ხედვები, კონკრეტული პროგრამები და პროექტები რომლის ნაწილის განხორციელებაც უკვე დაწყებულია, ნაწილი სამომავლოდაა დაანონსებული და ის კონკრეტული პროექტები, რომელიც შევიმუშავეთ იქნება ჩვენი ქალაქის ევროპული მომავლისა და მწვანე სტატუსისთვის, ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოში ამ საკითხებს ექნება მხარდაჭერა“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, რეფორმების მხარდაჭერის საკითხში, მას ბათუმელების მიერ არჩეული საკრებულოს იმედი აქვს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანაქალაქელები, რომელთა არჩევანიც ამ კონფიგურაციითაა წარმოდგენილი საკრებულოში, არის ბათუმის განვითარებისთვის გაკეთებული არჩევანი და ბუნებრივია ყველა პოლიტიკური სუბიექტი და ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქვეყნის და ბათუმის განვითარება უნდა მიდრეკილი იქნება იქითკენ, რომ სასიამოვნო სიახლეებს დაუჭიროს მხარი. ერთი პოლიტიკური სუბიექტი, „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიც რეალურად ხალხის ოპოზიციაა, ის იმ რეჟიმში მუშაობდა წლების განმავლობაში და ბუნებრივია არ გვაქვს მოლოდინი, რომ მათი მხრიდან რამე სასიკეთო ძვრები იქნება“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.