„ვისაც ხალხი აირჩევს, ის უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, ეს არის დემოკრატია და არა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი live“-ში ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
„რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ მიენიჭა ადგილობრივ არჩევნებს ამხელა მნიშვნელობა - ყველას გვახსოვს შარშანდელი არჩევნები, რომელიც ყველა გადმოსახედიდან მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. 3 ათასამდე ოპოზიციური დამკვირვებელი იყო და ყველა მათგანმა თქვა, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები. მერე გამოვიდა ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც თქვა, რომ პარალელური გადათვლით მიიღო სხვა რიცხვები. ამას მოჰყვა წარმოუდგენელი რეაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასამთავრობომ აღიარა შეცდომა, მაინც მოახერხეს ამბის ატეხვა. შემდეგ ამაში ჩაერია ევროსაბჭო, შარლ მიშელი. მიიღეს უაზრო დოკუმენტი, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, რომ თურმე თუ რაღაც პროცენტი ვერ აიღო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო ახლიდან და ამ სიგიჟეში შემოგვიყვანეს. ახლა ეს გრძელდება ამ არჩევნებში ამ გზით, როგორ ამოეტრიალებინათ წაგებული არჩევნები. ვისაც ხალხი აირჩევს, ის უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, ეს არის დემოკრატია და არა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.