„კოჰაბიტაციის უმახინჯესმა ფორმამ და ბევრმა სხვა ნიუანსმა, ასევე იმან, რომ საბოლოო ჯამში სამართლიანობა არ აღდგა, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორიენტირებულია ამ „პოლიტიკური იწილო-ბიწილოს“ თემაზე“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
მისი თქმით, ამის გამო უმნიშვნელოვანესი საკითხები ყურადღების მიღმა რჩება.
„ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ დაგვატყდა თავს. მაგალითად, გალში ქართული სკოლების საბოლოოდ დახურვა. იქ მიდის „დექართველიზაციის“ ძალიან აქტუალური პროცესი. თქვენ თუ გსმენიათ, რომ იგივე მედიაშიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თუ იყო საუბარი. ან საუბარი ყოფილიყო იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ და რა შეღავათებია მათთვის. ვიცი, რომ სახელმწიფო მათ ეხმარებათ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების თვალსაზრისით, მაგრამ აქ ხომ „დექართველიზაციის“ პროცესზეა ლაპარაკი. ასევე მეორე კონფლიქტური რეგიონი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ესეც მიტოვებული თემაა და საზოგადოების ყურადღების მიღმაა. ძალიან მნიშვნელოვანია რასაც ახლა ვამბობ, იმ თვალსაზრისით, რომ ერთია რას აკეთებს ხელისუფლება და მეორეა, რომ საზოგადოებისთვის და ახალგაზრდობისთვის ეს თემები უკვე მნიშვნელოვანი აღარაა, იმიტომ, რომ სხვა რამითაა მუდმივად გადაფარული“, -აღნიშნა არეშიძემ.
ექსპერტმა ბოლო დროს აღმოსავლეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ასევეა რეგიონალური პოლიტიკა. რეგიონში იცვლება როგორც პოლიტიკური სურათი, ისე გეოსტრატეგიული დამოკიდებულება ქვეყნებისა. პრაქტიკულად ვხედავთ, რომ ჩვენ რეგიონში დღეს 100 წლის წინ წასული თურქეთი ისევ დაბრუნდა. ახლა ირანი ითხოვს დაბრუნებას. სურათები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, განსაკუთრებით ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ დიდ კავკასიურ პოლიტიკურ სურათს, რომ ბევრი გამოწვევა და რისკი გაჩნდა ჩვენთვის და ამაზე საზოგადოების რეაგირება არ ხდება, რადგან საზოგადოება ამას ვერ აღიქვამს. იგივე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები ერევანში, ბაქოსა და ანკარაში მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ დღეს ჩვენთან მთავარია ვინ შევა პოლიტიკაში და ვინ გამოვა“, - აღნიშნა არეშიძემ.