logo_geo
eng_logo
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა
- +

7 მარტი. 2016. 10:23


საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძე შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორად დაარეგისტრირა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ დირექტორად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინების საფუძველზე დარეგისტრირდა.

 

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საბოლოოა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7 მარტის გადაწყვეტილებით ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დაკმაყოფილდა ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილი, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში არსებული მოთხოვნა, მისი შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორად რეგისტრაციის შესახებ.

 

2016 წლის 9 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ლევან გაჩეჩილაძის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა შპს ,,სტუდია მაესტროს" დირექტორად ეთერ გადაბაძის ნაცვლად მისი - ლევან გაჩეჩილაძის რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის შპს „სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა კრების ოქმი.

 

იმავე დღეს, 2016 წლის 9 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის შემხვედრი განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია - ლ. გაჩეჩილაძის დირექტორად რეგისტრაციის აკრძალვა. კერძოდ, ეთერ გადაბაძემ მოითხოვა, მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, არ განხორციელებულიყო შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ცვლილება და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასდა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19-4 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, ეთერ გადაბაძის მიერ 2016 წლის 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

5 თებერვლის მოთხოვნაზე ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა ჯერ 2016 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, ხოლო 2016 წლის 1 მარტს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ", - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner