„უნდა შევახსენოთ საზოგადოებას და ყოველთვის შევახსენებთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის ხალხი, რომელმაც დადგა მოდელირებული ქრონიკა; რომელმაც ძალით ჩაახშო ციხის ბუნტი და ამას მოჰყვა მსხვერპლი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.
მინისტრმა ჩართვისას ფოტომასალა წარმოადგინა იმის დასადასტურებლად, თუ რა პირობებში უწევდათ სააკაშვილის პერიოდში პატიმრებს ციხეებში ყოფნა. კერძოდ, მისივე თქმით, წარდგენილ ფოტოებზე ორთაჭალისა და ბათუმის პენიტენციური დაწესებულებებში საკნების მდგომარეობა იყო ასახული.
„სწორედ ამ ოთახში იმყოფებოდა 30 პატიმარი და როდესაც დაძინება უნდოდათ, ამის საშუალებაც არ ჰქონდათ. ასე ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, მათ ღირსებას და დღეს ისინი ჩვენ გელაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე, რაც ყოვლად დაუშვებელია! ამას მართლაც ღირსეული პასუხი სჭირდება საზოგადოების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პასუხს აუცილებლად მიიღებენ“, - განაცხადა ბრეგაძემ.