2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5%-ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9% შეადგინა, - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 6.2%-ით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.
2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-4.6%). 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 13.5%-ით, ხოლო ბინებზე 7.3%-ით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, თბილისში. ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.