logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: პაპუაშვილი ოროსანი მოსწავლესავით სისულელეებს რატომ ლაპარაკობს?!
- +

28 ივლისი. 2016. 16:04


 

ნანა კაკაბაძე: ალბათ ვუნდერკინდმა პაპუაშვილმა ბავშვობიდან დაიპყრო იურისპუდენციის მწვერვალები

 

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება და ინტერესდება მისი ბიოგრაფიით.

 

„ვაი ჩვენს პატრონს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯერ პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, მერე ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენლების მხრიდან რომელიღაც მოსამართლეებზე, რომელიღაც  საქმეებთან დაკავშირებით, რაღაც მიზნებით, რაღაცა ფორმის ზეწოლის შესახებ ჭორაობას დაიწყებს, მერე ამ ინფორმაციის შესახებ ჩვენების მიცემაზე უარს იტყვის, მერე პრეტენზიულად განაცხადებს, ჩემი ჩვენების გარეშე რატომ არ იწყებს პროკურატურა გამოძიებასო, მერე, როცა გამოძიება დაიწყება და შესაძლო დაზარალებულებს გამოიძახებენ დასაკითხად სტანდარტული უწყების გაგზავნით (სადაც განმარტებულია გამოცხადებაზე უარის თქმის შედეგები) და ამაზე აღშფოთდება, „როგორ უბედავენ ამას ჩემს მოსამართლეებსო", ძალაუნებურად დაინტერესდები, ვინ არის ეს კაცი, საიდან მოვიდა, სად ისწავლა და რა ისწავლა ისეთი, რომ ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა და ოროსანი მოსწავლესავით ერთმანეთზე მეტ სისულელეებს რატომ ლაპარაკობსო? 

 

 

შევედით საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე და გავიგეთ, რომ ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა გიორგი პაპუაშვილი დაბადებულა 1972 წლის 26 დეკემბერს და უკვე 33 წლის ასაკში გამხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ვიფიქრეთ, ალბათ ამ ვუნდრკინდმა ბავშვობიდანვე დაიპყრო იურისპრუდენციის მწვერვალებიო და ჩავყევით მის ბიოგრაფიას. აღმოჩნდა, რომ  გიორგი პაპუაშვილს 1995 წელს დაუმთავრებია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, 1996-1999 წლებში უმუშავია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში უფროს სპეციალისტად, წამყვან სპეციალისტად, აპარატის უფროსად (ანუ „მოქალაქეთა კავშირის" კადრი ყოფილა), 1996-1997 წლებში, ერთი წელი უსწავლია ქ. ბუდაპეშტში მდებარე სოროსის უნივერსიტეტში (ანუ, თან ბუდაპეშტში ცხოვრობდა და სწავლობდა და თან საქართველოს პარლამენტში მუშაობდა?!), კიდევ ერთი წელი (1999-2000 წწ) უსწავლია ამერიკის უნივერსიტეტის (ქ. ვაშინგტონი) მაგისტრატურაში, იქიდან პირდაპირ საქართველოს სოროსის ფონდის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორად დაბრუნებულა (2000-2004 წწ). ამ დროს ე. წ. ვარდების რევოლუციამაც მოუსწრო და  ეს ჩვენი ვუნდერკინდი უცბად მოგვევლინა  ჯერ საქართველოს იუსტიციის მინისტრად (2004-2005 წწ), ხოლო 2005 წლის თებერვლიდან - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. 2006 წლიდან კი უკვე საკონსტიტუცო სასამართლოს წევრი და მისი თავმჯდომარეა. მხოლოდ ბოლო 2 წელია გაახსენდა ვუნდერკინდ ვარსკვლავბიჭუნას, რომ ბევრი კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ხოლო ყველაზე კომიკური ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ანტიკონსტიტუციურად ცნობილი თითქმის ყველა კანონი სწორედ სააკაშვილის იმ ავადსახენებლი 9-წლიანი მმართველობის დროს არის მიღებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი თავის დროზე გიორგი პაპუაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს, მისივე ხელმძღვანელობით დაიწერა და დღეს იგივე გიორგი პაპუაშვილი აცხადებს მათ ანტიკონსტიტუციურად.

 

 

მართალი გითხრათ, გიორგი პაპუაშვილის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ კითხვები უფრო მეტი დაგვრჩა, მაგრამ ზოგიერთ კითხვაზე პასუხებიც მივიღეთ. მაგალითად, პასუხი მივიღეთ კითხვაზე, თუ როგორ მოხდა „ვუნდერკინდი" ბიჭუნას არათუ ასვლა, არამედ აფრენა კარიერული იერარქიის უმაღლეს საფეხურზე, გავიგეთ, რომ „მოქალაქეთა კავშირის" ბუდიდან აფრენილ და ჯერ სოროსის სკოლაგავლილ, შემდეგ თავისი ბელადების მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის" ნავში გადამხტარ ახალგაზრდა იურისტს ცოტა გაძრომ-გამოძრომითაც გამოუჩენია თავი და მალევე მიუპყრია „რევოლუციონერი" ბელადების და მათი კადრების სამჭედლოს (სოროსის ფონდი, თავისუფლების ინსტიტუტი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ყურადღება და ასე მიუღწევია თავბრუდამხვევი კარიერული წარმატებისათვის. რასაკვირველია, „რევოლუციონერებისათვის" ხელიდან გასაშვები არ იქნებოდა ისეთი ერთგული კადრი, რომელიც ვერც შევარდნაძე-მოქალაქეთა კავშირის მმართველობის დროს ამჩნევდა ადამიანის უფლებების დარღვევებს და მოსამართლეებზე ზეწოლებს, არც იუსტიციის მინისტრობის დროს ესმოდა ჯოჯოხეთად გადაქცეული ციხეებიდან პატიმართა განწირული ბღავილი, რადგან მისი თვალთახედვით ამ დროს თურმე ყველაფერი რიგზე იყო და მოსამართლეებზე მუქარასაც ვერავინ ბედავდა, უფრო მეტიც, სწორედ მისი იუსტიციის მინისტრობის დროს, მისივე ხელმძღვანელობით იქმნებოდა ის დრაკონული საკანონმდებლო ბაზა, რომლებიც უუფლებოდ ტოვებდა მოსამართლეებსაც, პატიმრებსაც, უბრალო მოქალაქეებსაც და მხოლოდ სახელმწიფოს სახელით მოლაპარაკე ბიუროკრატიას და ჯალათ ძალოვან ჩინოვნიკებს აძლევდა ყველაფრის უფლებას.

 

 

მაგრამ ჯანდაბას ეს ყველაფერი, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ჯალათები და ანტიდემოკრატები ყველაზე მეტს ლაპარაკობენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მაგრამ ის მართლაც კურიოზი და ქვეყნის უბედურებაა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავბრუდახვეული თავმჯდომარე თავისი „მოღვაწეობის" მიწურულს თავს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით და იურისპრუდენციის ელემენტარული ნორმების უცოდინარობითა თუ იგნორირებით გამოიჩენს და სერიოზულად ჰგონია, რომ კანონის წინაშე სულაც არ არიან თანასწორნი ის, მისი პოლიტიკური კლანი და რიგითი მოქალაქეები. მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, საქართველოს თავგზააბნეული პრეზიდენტიც ხომ რომაელ კეისრებზე უფრო შორს მიდის და ხმამაღლა აცხადებს, რომ არამარტო კეისრის ცოლი, არამედ პრეზიდენტის ცოლის შვილი და ამ უკანასკნელის თანამეცხედრეც ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დგანან და თუნდაც 5-ჯერ იყვნენ ნასამართლევები, მათში ეჭვის შეტანა მაინც უდიდესი მიუტევებელი ცოდვაა.

 

ვაი ჩვენს პატრონს...

 

P. S. გიორგი პაპუაშვილმა ჭიქაში ატეხილი ქარიშხლის შემდეგ განაცხადა: „ზეწოლა შეიძლება ყველაზე არ იყოს. ზოგიერთს შეიძლება არც უნდა თქვას, რომ იყო. ვინც გაბედავს და იტყვის, მისი საქმეა. ვინც არ გაბედავს - ესეც მისი საქმეა. შეიძლება ზოგიერთზე არც იყო. მტკიცებულებები პროკურატურამ უნდა შეაგროვოს. ინფორმაციას კონკრეტული მოსამართლეები მიაწვდიან". აქედან შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: თუ არცერთი მოსამართლე არ დაადასტურებს მასზე ზეწოლის ფაქტს, პაპუაშვილის მტკიცებით, მაინც პროკურატურა გამოვა დამნაშავე, რადგან ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მოსამართლეებმა „ვერ გაბედეს თქმა", თორემ მათზე ზეწოლა ნამდვილად იყო და პროკურატურას ეს მათი დადასტურების გარეშეც უნდა გამოეძიებინაო.

 

ღმერთო, დაიფარე საქართველო ასეთი „კვალიფიციური მოსამართლეებისგან"... - ამბობს ნანა კაკაბაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner