logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: სააკაშვილს ზუსტად ისეთივე ნული შანსი აქვს თავი აღიარებინოს სტრასბურგის სასამართლოს პოლიტპატიმრად, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში
- +

25 ოქტომბერი. 2021. 17:20

 

 

„სტრასბურგის სასამართლომ თავად თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავად იყო ჩართული პროკურატურასა და სხვა ორგანოებთან ერთად, რათა გირგვლიანის საქმეზე სამართალი არ აღსრულებულიყო, ამის ფონზე შანსი იმისა, რომ თქვას, სააკაშვილი არის მართალი, რა თქმა უნდა, ნულია“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მან ისაუბრა იმაზე, რამდენად არის სააკაშვილი პოლიტპატიმარი და რა შანსები ექნება სტრასბურგში ამ საქმის განხილვის შემთხვევაში.

 

„ვფიქრობ, მას ზუსტად ისეთივე ნული შანსი აქვს თავი აღიარებინოს სტრასბურგის სასამართლოს პოლიტპატიმრად, როგორც ეს იყო ვანო მერაბიშვილის შემთხვევაში. მაშინაც ვანო მერაბიშვილი არაერთმა ადვოკატმა, მათ შორის ოთარ კახიძემ, რომელსაც თავი პროფესიონალ და პატიოსან ადამიანად მოაქვს, თავისივე თანამებრძოლს, ვანო მერაბიშვილს ციხეში ძალიან ბევრი ტყუილი უთხრა, რადგან საკანში მყოფი ადამიანი მოატყუო არ არის რთული. ეს არის სინდისთან მწყრალად მყოფი საქციელი. ამას არ ერიდებოდნენ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. სააკაშვილს დააჯერებენ, რომ შენს მხარეს დგას სტრასბურგის სასამართლო, ევროსაბჭო და ევროპა. იჩივლებენ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ შანსი იმისა, იმ დანაშაულების ფონზე, რაც სააკაშვილს შეერაცხა ქართული სასამართლოების მიერ და იმ ფონზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ თავად თქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავად იყო ჩართული პროკურატურასა და სხვა ორგანოებთან ერთად, რათა გირგვლიანის საქმეზე სამართალი არ აღსრულებულიყო, ამის ფონზე თქვას, რომ სააკაშვილი არის მართალი, რა თქმა უნდა, არის ნული. შესაბამისად, დღეს ჩემთვის ეს თემა არ არის.

 

ერთადერთი თემა დღეს არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კარგია, რომ ის აძვრა ცხაურზე და ამას გარკვეული ენერგია სჭირდება. ეს ამხელა ადამიანი შხაპის ცხაურებზე აძვრა, აცოცდა, ხელი დაგვიქნია და გვაჩვენა, რომ ის არცთუ ისე სუსტად გამოიყურება და ეს მე მიხარია, რადგან როდესაც პატიმარი თვალს მოშორდება, შესაძლოა, ცუდი რამ წარმოიდგინო. თუმცა, ეს ადამიანი არის არამც თუ ცოცხალი, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მას, არის ჯანმრთელად და რა თქმა უნდა, ცუდია, რომ შიმშილობს. ესეც დროებითია. მე არ მინახავს, პატიმარი, რომელიც მრავალი თვით შიმშილობს. ამის გამძლეობა ბევრს არ აქვს და ეს ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner