„იავნანას" ფონდიდან ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზე „პრაიმტაიმი" ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ ბაკაშვილს ესაუბრა.
- გაუშიფრავი თანხები, 73%, ჩვენში კითხვებს ბადებს. ფიქრობთ, რომ ეს ლეგიტიმური კითხვებია?
- კითხვები უდავოდ ლეგიტიმურია. გამომდინარე იქიდან, რომ საქველმოქმედო ფონდებს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი მოეთხოვებათ. ფონდი ვალდებულია, თითოეული თეთრის მოძრაობა გამოაქვეყნოს იმის საჩვენებლად, რა გაკეთდა მიზნის მისაღწევად. ფონდი გარკვეული საწესდებო მიზნებით იქმნება და რამდენად შეესაბამება დანახარჯების თითოეული თეთრი ამ საწესდებო მიზნებს, აუცილებლად გაშლილი და ცალსახად გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის, გაუგებარია „სხვა ხარჯებში" რა შეიძლება მოიაზრებოდეს.
- რამდენად სწორია, რომ კომერციული და საქველმოქმედო ანგარიშები ერთადაა თავმოყრილი, მით უფრო, რომ ეს თანხები ქველმოქმედებაში არ მონაწილეობს...
- ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული თანხებიც ქველმოქმედებისთვის უნდა იყოს დახარჯული. ეს არის საქველმოქმედო ფონდის არსი. მას არც აქვს უფლება, მოგება სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს, გარდა ქველმოქმედებისა.
- დოკუმენტებზე მუშაობისას იყო ინფორმაცია, რომელიც ცხრილებში იყო მოცემული და ციფრები, რომლებსაც ახსნა-განმარტებით წერილებში მივაგენით... ტექსტების ციფრებიდან უფრო ვიხელმძღვანელეთ.
- სხვათა შორის, ამ ბალანსებსა და დეკლარაციებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურშია წარდგენილი, და მათივე მომზადებულ ახსნა-განმარტებით ბარათებში მოცემულ ციფრებს შორის არის აცდენა, ზოგიერთი ციფრი ერთმანეთს არ ემთხვევა. არის ცდომილებები როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვით ნაწილში.
- თქვენ დოკუმენტებს გადახედეთ, თუ ნახეთ რამე ისეთი, რომელიც პროფესიონალისთვის თვალშისაცემია?
- რამდენიმე დასკვნა გაკეთებულია ერთი და იმავე აუდიტის მიერ. დასკვნაში არაფერია ნათქვამი, რამდენად შესაბამისობაშია თანხების მოძრაობა ფონდის მიზნებთან. საქველმოქმედო ფონდია და მას მკაცრად განსაზღვრული მიზნები აქვს. რამდენად სწორადაა დახარჯული თანხები ფონდის მიზნების განსახორციელებლად, ეს არც ერთ დასკვნაში არ არის მითითებული.
ასევე, დაუშვებელია, საქველმოქმედო ფონდმა მხოლოდ 27% დახარჯოს ქველმოქმედებაზე. ეს შემოწირულობების თანხებია და შესაბამისად, მისი ლომის წილი უნდა იხარჯებოდეს სწორედ საქველმოქმედო მიზნებზე ან აუცილებელია, მოხდეს დანარჩენი 73%-ის დეტალური ანგარიშგება, თუ რაში დაიხარჯა ხალხის თანხები.
- რამდენად ვალდებულია ფონდი, წარმოგვიდგინოს მოთხოვნის საფუძველზე მისი საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია?
- ისევ და ისევ, ფონდის სტატუსიდან გამომდინარე, აქაც მაღალი სტანდარტის გამჭვირვალობა ფონდს ავალდებულებს, აუცილებლად წარმოგიდგინოთ ეს ინფორმაცია.
P.S. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ფონდთან, თუკი ისინი ამ საკითხზე რაიმე ციფრის დაკონკრეტებას ისურვებენ, ან სხვა დოკუმენტებს მოგვაწვდიან.
„პრაიმტაიმმა" როგორც ფონდი „იავნანასგან", ისე შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ფინანსურ ოპერაციებს დღიდან მისი დაარსებიდან.
მიღებული დოკუმენტების მიხედვით, „იავნანამ" 2011-15 წლებში შემოწირულობებისა და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან 7 416 413 ლარი მიიღო. და ამ თანხის მხოლოდ 27% დაიხარჯა ქველმოქმედებაში, რაც 2 036 522 ლარია. ფონდმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძინა ბინები, სტუდენტებს დაუნიშნა სტიპენდიები, გასწია სხვადასხვა სახის დახმარებები, დაეხმარა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს.
რაც შეეხება დანარჩენ 73%-ს, ძნელი სათქმელია, როგორ და რაში დაიხარჯა ეს თანხები, დოკუმენტებში ამის შესახებ მითითებული არაფერია.
დოკუმენტების მიხედვით, 2011-215 წლებში ფონდმა ხელფასების სახით გასცა 1 756 281 ლარი, ქველმოქმედებისთვის კი ამავე პერიოდში დახარჯული აქვს 2 036 522 ლარი.
დაბოლოს, ამავე პერიოდში ფონდის საქველმოქმედო ანგარიშებიდან (და არა კომერციული საქმიანობიდან მიღებული თანხებიდან) 100 ათას ლარზე მეტი გამოიყო სატრანსპორტო საშუალების საყიდლად. ჩვენი ინფორმაციით, ეს თანხა დაიხარჯა „ტოიოტას" ცენტრიდან „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200"-ის შეძენაზე.