„ეს არის საარჩევნო შეკრება და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში არის აპრობირებული პრაქტიკა, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როდესაც წინასაარჩევნოდ ადამიანები იკრიბებიან იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუზიარონ მათ შორის ემოციები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ 27 ოქტომბერს დაგეგმილი შეკრება პარტიის ორგანიზებულია და არა ხელისუფლების.
„ეს არის ძალიან მიღებული პრაქტიკა. პარტიის ორგანიზებულია ეს და არა ხელისუფლების“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიჰყავთ თუ არა საჯარო მოხელეები აქციაზე იძულების წესით, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ „არც საქართველოში და არც სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება, არამედ ეს ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა.
„2012 წლამდე კრიმინალები ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე, ახლაც იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილს გარშემო, თუმცა, ამასაც დაესმება წერტილი 30 ოქტომბრის შემდეგ. სიცრუის გავრცელებას უნდა მოეშვათ. ახლა ჩვენ ვართ ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქვიშხეთში, ეს სოფელი უკავშირდება დიმიტრი ყიფიანის სახელს, მახსოვს, რამდენიმე დღის წინ თქვენმა უფროსმა გვარამიამ, დიმიტრი ყიფიანი მიხეილ სააკაშვილს შეადარა და თქვა, რომ სააკაშვილი უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყო საქართველოსთვის. აი, სად ხართ, აქედან ძალიან კარგად ჩანს. ეს არის თქვენი რეალური ლიდერების სახე, სააკაშვილის და გვარამიას“, - განაცხადა კობახიძემ.