„იავნანამ" ხალხის შემოწირულობებით მიღებული შემოსავლებიდან ქველმოქმედებაში მხოლოდ 27% დახარჯა - აღნიშნულზე „პრაიმტაიმი" აუდიტს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ ბაკაშვილს ესაუბრა.
მედია დაინტერესდა რამდენად მარტივად და გასაგებად არის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა წარმოებული:
- დადგენილი წესით დეკლარაციები, ბალანსები და უწყებები კი არის წარდგენილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციას ვერ იძლევა, არ არის ჩაშლილად და გამჭვირვალედ წარმოდგენილი, როგორი მაღალი ხარისხის გამჭვირვალობითაც მოეთხოვებათ საქველმოქმედო ფონდებს. ვინაიდან აღნიშნული საქველმოქმედო ფონდი მაღალი გამჭვირვალობის სტატუსის მატარებელია, ამიტომ ეს ჩაშლილი სახით ინფორმაცია სხვა დამატებითი წყაროებიდან უფრო შესაძლებელია მივიღოთ. თუნდაც, იგივე ახსნა-განმარტებითი წერილებიდან, რაც აქ არის დართული.
- ჩვენ სწორედ ახსნა-განმარტებითი წერილებიდან მოვახერხეთ გარკვეული სურათის შექმნა... შედეგად მივიღეთ, რომ საქველმოქმედო ანგარიშებზე დარიცხული თანხის მხოლოდ 27% დაიხარჯა ქველმოქმედებაში, დანარჩენი თანხების - ეს კი 73%-ს შეადგენს - ხარჯვის მიზნობრიობას დოკუმენტებში ვერ მივაგენით.
- დიახ, დოკუმენტებში არის გრაფა „სხვა ხარჯები", რომელიც გაშიფრული არ არის და ეს საკმაოდ დიდი თანხებია. ხუთი მილიონ 600 ათასზე მეტია და აქედან სამ მილიონზე მეტი წარმოდგენილია „სხვა ხარჯებად", ეს საკმაოდ მაღალი ხვედრითი წილია.
„პრაიმტაიმმა" როგორც ფონდი „იავნანასგან", ისე შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" ფინანსურ ოპერაციებს დღიდან მისი დაარსებიდან.
მიღებული დოკუმენტების მიხედვით, „იავნანამ" 2011-15 წლებში შემოწირულობებისა და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან 7 416 413 ლარი მიიღო. და ამ თანხის მხოლოდ 27% დაიხარჯა ქველმოქმედებაში, რაც 2 036 522 ლარია. ფონდმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შეიძინა ბინები, სტუდენტებს დაუნიშნა სტიპენდიები, გასწია სხვადასხვა სახის დახმარებები, დაეხმარა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს.
რაც შეეხება დანარჩენ 73%-ს, ძნელი სათქმელია, როგორ და რაში დაიხარჯა ეს თანხები, დოკუმენტებში ამის შესახებ მითითებული არაფერია.
დოკუმენტების მიხედვით, 2011-215 წლებში ფონდმა ხელფასების სახით გასცა 1 756 281 ლარი, ქველმოქმედებისთვის კი ამავე პერიოდში დახარჯული აქვს 2 036 522 ლარი.
დაბოლოს, ამავე პერიოდში ფონდის საქველმოქმედო ანგარიშებიდან (და არა კომერციული საქმიანობიდან მიღებული თანხებიდან) 100 ათას ლარზე მეტი გამოიყო სატრანსპორტო საშუალების საყიდლად. ჩვენი ინფორმაციით, ეს თანხა დაიხარჯა „ტოიოტას" ცენტრიდან „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200"-ის შეძენაზე.