„„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება არის სუფთა ბოლშევიკური, მხოლოდ ისინი არიან, მათ აქვთ უფლებები, მათი პატიმარია პატიმარი, მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი და მათი აქციაა აქცია, სხვა დანარჩენი კი არის კონტრ“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა.
„სინამდვილეში, ეს აქცია, შეხვედრა ამომრჩევლებთან საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამ შემთხვევაში, ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, როცა ჩვენ გვინდა, ერთი მხრივ, 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ და ამავე დროს, გამოვაცხადოთ სრული მობილიზება, რათა 30 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, მეორე მხრივ კი, 30 ოქტომბერს, ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაავლოს ხაზი, რომლის იქითაც დატოვებს სიძულვილს, ძალადობას, „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ მხარდამჭერებთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიას 27 ოქტომბერს შეაჯამებს.