„არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც კი სასაცილოა. რატომ ექნება მას სურვილი, არაფორმალურად მართოს ქვეყანაში პროცესი, როცა საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი", - აცხადებს „ქართული ოცნების" სიის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში:
„მე სრულად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხედვას და ვფიქრობ, შემდგომი რეფორმები ეკონომიკისა და განათლების სფეროებში აუცილებლად წარმატებულად ჩატარდება. ასევე სწრაფი ტემპებით განვითარდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სახელმწიფო მმართველობის სისტემა. ჩვენ შევძლებთ მოსახლეობისთვის თავისუფლების, სწრაფი განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდიდან შემიძლია, გავიხსენო მასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი - როდესაც მან, როგორც პრემიერმა სწრაფი, ინოვაციური და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღო სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყების თაობაზე. ამ პროგრამამ საქართველოში სიცოცხლის შანსი დაუბრუნა ბევრ ადამიანს - ბევრ ოჯახს შეუნარჩუნა მამა, შვილი, ძმა და დედა", ამბობს არჩილ თალაკვაძე.