logo_geo
eng_logo
ბიძინა დვალი: ქართველებს უფროს ძმებში არ გვიმართლებს, გინდა იძულებით თავსმოხვეული იყოს და გინდა არჩეული
- +

26 ოქტომბერი. 2021. 15:05

 

 

                                       

გადავწყვიტე, ჩემი წერილების ციკლის სათაური (ერთი შეხედვით - მოძველებული) იგივე დამეტოვებინა. ამ ჯერზე (თუნდაც) ვიმოქმედებ პრინციპით - „მულო, შენ გეუბნები და რძალო, შენ გაიგონეო“. ვიმედოვნებ, პირდაპირი თუ ირიბი ადრესატები, ქვემოთ შემოთავაზებულ ანალიზში რაღაც ღირებულს იპოვიან.

 

ყველაფერს ბედი უნდაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი...

 

სამწუხარო ფაქტია, რომ ქართველებს უფროს ძმებში არ გვიმართლებს, გინდა იძულებით თავსმოხვეული იყოს და გინდა არჩეული.

 

ჯერ იყო და ორასი წელი ხან შოლტით, მახვილითა და ხიშტით, ხანაც ზარბაზნით, ტანკითა და მომწამვლელი ხსნარებით გვიტენიდნენ „უმადურ“ თავებში, რომ უფროსმა ძმამ ჩვენზე უკეთ იცოდა, როგორ უნდა ვყოფილიყავით ბედნიერები. ჩემი ამქვეყნად მოვლინების პირველი ოცდაათი წლის მანძილზე არ გვაკლდა „ნაკაზანიები“, რომ უფრო კარგად „შეგვემეცნებინა“ წითელი ფერის მრავალწახნაგოვანი სიკეთეები...

 

მერე იყო რეფერენდუმი, მერე დამოუკიდებლობის გამოცხადება, თავისი სიხარულებითა და იმედებით, მაგრამ... მაგრამ მერე დაიწყო, რაც დაიწყო...

 

ძველი, ოღონდ მოდერნიზებული (როგორც ირაკლი წერეთელი იტყოდა ხოლმე) უფროსი ძმა თავს მაინც რომ არ გვანებებდა, გადავწყვიტეთ, ახალი უფროსი ძმა თვითონ აგვერჩია, რომ მისი თანადგომით როგორმე დაგვეხსნა თავი იმ ყელში ამოსული ძველისგან და ამ გზით დაგვესრულებინა ორსაუკუნოვანი ღირსებისშემლახავი „ძედოვშჩინა“.

 

სიტყვა „ძედოვშჩინა“ შემთხვევით არ მიხსენებია: ჩვენი დიდი გამოცდილებიდან შეგვიძლია უტყუარად დავასკვნათ, რომ ყველა რუსი (პოლიტიკოსი იქნება ის, ხელოვანი თუ რიგითი „ობივატელი“), თავისი „მსოფლმხედველობით“, ჩვეულებრივი, „დერჟავის“ ინტერესების სადარაჯოზე მდგარი სალდაფონია.

 

მოდით, ახლა ასე გავაკეთოთ, გამოვტოვოთ „დამოუკიდებლობის“ განვლილი ათწლეულები, ის რომ, ახალი უფროსი ძმის წარმომადგენლები (ელჩები, ანუ ცეკას მეორე მდივნები, NDI-სა და IRI-ის მესვეურები, მაკ-კეინები, სოროსები, ბრაიზები და სხვა ათასი ჯურის დამრიგებლები), მათი „გემოვნებიდან“ გამომდინარე, როგორ „გვარჩევინებდნენ“ „ჩვენს“ მთავრობებს, როგორ ვერ ამჩნევდნენ სიტყვის თავისუფლების, პლურალიზმის, დემოკრატიის სრულ ვაკუუმს შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის ეპოქაში; ამის შემდეგ, თავზე როგორ დაგვასვეს „მათი ნაძირალა“ და რუსეთის ხელისუფლების ნაძირალა („ნაშ მერზავეც“) სააკაშვილი და როგორ „ყურადღებით აკვირდებოდნენ“ ადამიანის ღირსების შელახვის უწყვეტ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში; მათი უკიდურესი შეშფოთება-აღშფოთების ფონზე, როგორ აგვაგლიჯეს მშობლიური მიწა-წყლის 20% და ა.შ. და ა.შ. და გადავიდეთ პირდაპირ დღევანდელ დღეზე:

 

„ნაცმოძრაობის“ ბოლო დროის გეგმებისა და მოქმედებებისთვის სამართლებრივი შეფასების მიცემის უტყუარობისთვის, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრამ. ის, რაც ამერიკაში შიდა ტერორიზმად ფასდება, ბუნებრივია, შიდა ტერორიზმის კვალიფიკაციას უნდა იმსახურებდეს საქართველოშიც...

 

თურმე სადა ხარ, ბიძინა დვალო, სად ბანაობ?! მერე რა, რომ კაპიტოლიუმთან შეკრების მოწოდებისთვის (და არა უმეტეს) ამისთანა „ფილარმონია კაცს“ კონგრესმა იმპიჩმენტი გამოუცხადა, მერე რა, რომ ჩვენმა „განსაკუთრებულმა მეგობარმა“ ადამ კინზინგერმა არაფრად ჩააგდო რესპუბლიკური პარტიის, მისი მშობლიური პარტიის უმრავლესობის პოზიცია და „სამართლიანობის ინტერესებისთვის“ იმპიჩმენტის მომხრეებს შეუერთდა... საქართველო (ჩვენ რომ სახელმწიფო გვგონია) ხომ მეორეხარისხოვანი წარმონაქმნია, დამატებაა, მხოლოდ და მხოლოდ ობიექტია დიდ საერთაშორისო თამაშებში - უბრალო ბანქოს ქაღალდი და... ყურის აწევამაც არ დააყოვნა.

 

... აქ ვიყავი გაჩერებული, ბატონმა გოგიმ, ჩემმა მეზობელმა რომ შემოიარა ჩაიზე (ასე იცის ხოლმე გაუფრთხილებლად თავზე დადგომა). ნებართვა არ უთხოვია, ისე წაიკითხა მონიტორზე გადატანილი ჩემი მწარედ ნაფიქრი და ხელი ჩაიქნია უკმაყოფილების ნიშნად - ჭკუა მაინც ვერ ისწავლეო. რას ვამბობ არასწორს-მეთქი? ყველაფერს სწორს ამბობ, მაგრამ ნახევარი სიმართლეა ეგ ყველაფერიო...

 

ნახევარსაათიანი ორმხრივი უშედეგო „საარტილერიო ცეცხლის“ შემდეგ, ბატონმა გოგიმ (ჩემზე რვა წლით უფროსია) კატეგორიულად ბრძანა - ახლა დაჯექი და კარგად მომისმინე, სიტყვა არ გამაწყვეტინოო, ამის მერე ამ თემაზე საუბარს ვამთავრებო... საერთოდო...

 

- შენი შეცდომა ისაა, რომ ანალოგიებით და პარალელებით ცდილობ გარკვეულ დასკვნებამდე მისვლას, ცდილობ, პროცესი ობიექტური ლოგიკის ჩარჩოში მოაქციო. კიდევ გიმეორებ - მწარედ ცდები. უფრო დიდი შეცდომა კი ისაა, რომ აპრიორი უშვებ, ვიღაც ბოროტია და ვიღაც კიდევ კეთილი და რომ კეთილებს, ანუ „მეგობრებს“ გულწრფელად სურთ, შენი ქვეყანა იყოს ძლიერი და თავისუფალი და ნეგატივს ცალკეული პერსონალიების კერძო ინიციატივად, კერძო ინტერესად წარმოაჩენ ხოლმე და ა.შ. და ა.შ...

 

ობიექტურ ლოგიკას რომ გავყვეთ, საქართველოს ის გზა უნდა გაევლო (უნდა გაიაროს), რაც ლიტვა-ლატვა-ესტონეთმა გაიარა (ბატონი გოგი ლიეტუვას ისევ ლიტვას ეძახის, ლატვიას კი, რატომღაც, ლატვას). იქნებ, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყავი იმაზე, ამ ოცდაათი წლის წინათ „მეგობრებმა“ რატომ გაგვმიჯნეს ხსენებული სამი რესპუბლიკისგან, ვინც ეროვნული მოძრაობის დროს ბევრ რამეს ჩვენგან სწავლობდა და დღესაც მადლობას გვიხდიან 9 აპრილისთვის, რადგან კვლავაც მიაჩნიათ, რომ საბჭოთა იმპერიის დასასრულის შეუქცევადი პროცესი ამ დღიდან დაიწყო?

 

ზესახელმწიფოებს შორის გავლენების გადანაწილება, კარგად მოგეხსენება, „შეთქმულების თეორიების“ კატეგორიას არ განეკუთვნება, უწყვეტი ისტორიული პროცესია - მარადიული რეალობა. ჰოდა... იმიტომ გაგვმიჯნეს, რომ ახალი (ისევ და ისევ) რეალობიდან გამომდინარე ახალ გადანაწილებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ახალი პოლიტიკური ეტაპის დიდ აუქციონზე, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისში მყოფ რუსებს „პრიბალტები“ სრულად დაათმობინეს, ჩვენ კი... 

 

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და შესაბამისად, გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლიტიკურად მყიფე ჩრდილოკავკასიური სახელმწიფო წარმონაქმნების პირობებში, რუსეთს ექნებოდა წონადი არგუმენტები სამხრეთის საზღვრებთან გარკვეული გავლენების შენარჩუნების მოსათხოვნად.

 

ყველაფრიდან ჩანს, რომ აშშ-მა გაითვალისწინა არსებული რთული რეალობა და შეთანხმებაც შედგა. და თუ ეს ყველაფერი ასეა (მაშინაც და მით უფრო ამ გადასახედიდან, სხვანაირად ვერც წარმომედგინა და ვერც წარმომიდგენია), შეთანხმების რეალიზაციის გეგმის შედგენა მხოლოდ ტექნიკის საქმე იქნებოდა.

 

(სურათის სისრულისთვის და ჩვენი მსჯელობის, ჩვენი არგუმენტების გასამყარებლად აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები უკრაინასა და მოლდოვაში, აგრეთვე აზერბაიჯანში.)  

 

ბუნებრივია, ასეთი შეთანხმების არსებობას არც ერთი მხარე არასდროს არ აღიარებს, მაგრამ, დიდი თამაშის წესებიდან გამომდინარე, არც არავის უნდა მიეცეს საფუძველი, მის შესახებ რაიმე ეჭვის გაჩენისაც კი. ასეთ დროს მთავარი ამოცანა დროში გაწერილი ეფექტური სცენარის შემუშავება და დავალებების შემსრულებელთა შერჩევაა ხოლმე.

 

დიდ მოთამაშეებს შორის საქართველოში ინტერესების გაყოფის პოლიტიკაში მონაწილეობა, ნებსით იქნებოდა ეს თუ უნებლიედ, აუცილებლად (თავისთავად), არაეროვნული, უფრო მეტიც - ანტიეროვნული შინაარსის მატარებელი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ყველაზე რთულ ამოცანას ამ „ხარვეზის“ განეიტრალება და შემდეგ სათანადო შენიღბვა წარმოადგენდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გეგმის ავტორებმა უმაღლესი ოსტატობა აჩვენეს, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე ტაქტიკური შინაარსის მანევრების გათვლის თვალსაზრისით. 

 

დიდი გეგმის პირველი რიგის ამოცანას, უდავოდ, ეროვნული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პროცესიდან „ჩახსნა“ წარმოადგენდა. ასეთი ძირითადად ორი იყო: ზვიად გამსახურდია, თავისი მრავალრიცხოვანი, მაგრამ ცუდად ორგანიზებული (არასტრუქტურირებული) მხარდამჭერებით და გიორგი ჭანტურია, თავისი კარგად ორგანიზებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიით. აქ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, მათი დიდი მნიშვნელობის მიუხედავად (ეს მასშტაბური სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის თემაა). ჩვენი დღევანდელი საუბარი ლოგიკურ დასკვნებამდე რომ მივიყვანოთ, იმის აღნიშვნაც სრულიად საკმარისია, რომ უაღრესად რთული ამოცანა იუველირული სიზუსტით იქნა სისრულეში მოყვანილი, საუკუნეების მანძილზე გამოცდილი უმარტივესი ხერხით - ლიდერების მოშორებით (ლიკვიდაციით).

 

გათვლის და შესრულების მაღალ ხარისხზე ისიც მეტყველებს, რომ გეგმის ამ ნაწილში სხვა სავარაუდო გართულებებიც იქნა გადაზღვეული. რასაც ახლა ვიტყვი, ეს ჩემი პირადი აზრია და მზად ვარ ყველა აუდიტორიის წინაშე დავიცვა იგი. კერძოდ, 90-იანი წლების პირველ ნახევარში ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ მძლავრად იყო წარმოდგენილი ძველი საბჭოთა ნომენკლატურა, ქვეყნის მართვის სადავეები სწორედ ამ ერთობას ეპყრა. მათი უმრავლესობა მედროვეების კატეგორიას განეკუთვნებოდა, მაგრამ იყვნენ ე.წ. „იდეურებიც“ (ვისაც თავისი შეხედულებები ქვეყნის სასიკეთო პოზიციად მიაჩნდა) და იყო პატრიოტულად განწყობილი ნაწილიც. „დიდი ამოცანის“ ინტერესიდან გამომდინარე პოლიტიკური ველის „ხელისშემშლელი ელემენტებისგან“ სრულად მოსუფთავების მიზნით, ხსენებული ნაწილის განეიტრალებაც უნდა მომხდარიყო. აქაც საქმე სავარაუდო ლიდერის (ლიდერობა, საზოგადოების მობილიზებისა და ორგანიზების უნარი, თანდაყოლილი თვისებაა და ამა თუ იმ ნიშნით გაერთიანებულ ჯგუფში ერთი-ორი თუ გამოირჩევა ხოლმე) ფიზიკური მოსპობით დასრულდა. ეს სავარაუდო ლიდერი ჟიული შარტავა იყო.

 

ბატონმა გოგიმ მეორე ფინჯანი ჩაი მოითხოვა, კმაყოფილებით მოსვა (შავი ჩაის მოყვარულია) და მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო:

 

ჩვენი საუბრის ამ ნაწილის დასკვნა ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ - პოლიტიკური ველი სრულად გაიწმინდა ეროვნული ინტერესებით მოქმედი სუბიექტებისგან და ასპარეზზე ახალი ძალების შემოსაყვანად აუცილებელი მეორე ეტაპი ჩაირთო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია და ჟიული შარტავა იმათთვის მოკლეს, ვისაც შევარდნაძის შემდგომ პერიოდზე უნდა აეღოთ მართვის პასუხისმგებლობა, ანუ ვისაც დიდ მოთამაშეებს შორის შეთანხმება უნდა აღესრულებინათ.

 

აქ ბატონმა გოგიმ კობრას პაუზა დაიჭირა. მომეჩვენა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი. შემდეგ, ჩემი უნდობლობის გამომხატველი გრიმასისთვის თვალის მოუშორებლად განაგრძო: გატყობ, არ გინდა დამეთანხმო და ამ დროს საპირისპიროდ რაიმე წონადის თქმაც გიჭირს. ისევ მე დაგეხმარები - მეტი დამაჯერებლობისთვის, მოდი, დღეს არსებული რეალობა შევაფასოთ და პროცესებს უკუსვლით მივყვეთ, ანუ უკულოგიკის პრინციპი გამოვიყენოთ:

 

ოცდაათწლიანი მოვლენათა განვითარების შედეგად მივიღეთ ის, რომ რუსეთი სრულად აკონტროლებს ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს (20%) სამხედრო-სტრატეგიული ობიექტებისა და სატელიტი დე-ფაქტო ადგილობრივი ხელისუფლებების მეშვეობით. გარდა ამისა, მეტი გარანტიებისთვის, ხელთ უპყრიათ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები. ხოლო „ახალმა მეგობრებმა“ მოიპოვეს უპირობო პოლიტიკური გავლენა დანარჩენ ოთხმოც პროცენტზე.

 

ყველა გეგმას, რომელიც თავისი არსით არასწორია, ანუ არასამართლიანია მისი რომელიმე ნებაყოფლობითი თუ უნებლიე მონაწილის მიმართ, როგორც წესი, აქვს ხოლმე სერიოზული ხარვეზები. სწორედ ეს ხარვეზები მაძლევს ასეთი დამაჯერებლობით ასეთი შინაარსის მსჯელობის საშუალებასაც და უფლებასაც. „ხარვეზი“ ძალიან რბილი სიტყვაა იმის შესაფასებლად, რაც ახლა უნდა ვთქვა:

 

ყველა მასშტაბურ პოლიტიკურ გეგმას თავისი იდეოლოგიური ბაზისი სჭირდება. ახალი თავსმოხვეული გეგმის ფუნდამენტად ახალი ლიბერალიზმი შეირჩა - იდეოლოგია, რომელიც უარყოფს საუკუნეებგამოვლილ ღირებულებებს, მათ შორის, ე.წ. მარადიულ ღირებულებებს (ერი, სამშობლო, ღმერთი...) და საზოგადოებას „ახალ მიგნებებს“ სთავაზობს, ცდილობს (წაიკითხეთ - აიძულებს),  როგორც მისი წინამორბედი ცრუ იდეოლოგიები - კომუნიზმი და ფაშიზმი, ისტორია ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს (საქართველოს მაგალითზე - „ახალი ქართველის“ შექმნის მცდელობები; ძველების, უპირველეს ყოვლისა მორალური ავტორიტეტების, „ჩარეცხვა“; სახელების გადარქმევა (კარგისთვის - ცუდი, ცუდისთვის - კარგი და ა.შ.); ე.წ. „ყველაფერი მოსულა“, ანუ დამკვიდრებული ქცევის წესების უარყოფა, ანუ რაც კანონით აკრძალული არაა, ყველაფერი დასაშვებიას პრინციპის ნორმად შემოტანა; სახარების ათი მცნების სრული უარყოფით, „ახალი ზნეობრივი კრიტერიუმების“ პროპაგანდა და სხვა მრავალი).

 

საქართველო, მოგეხსენება, დიდი და ძველი ისტორიის ქვეყანაა, დიდი (ღრმა) მახსოვრობითა და მყარი ტრადიციებით. გარდა ამისა, ჩვენი მცირერიცხოვნობის გამო, გადარჩენისთვის ბრძოლა სისხლში გვაქვს გამჯდარი. ახალი რეალობის შექმნის პოლიტარქიტექტორებმა სწორედ აქ დაუშვეს შეცდომა, ჰოდა...

 

... მოდი, ამაზე ხვალ გავაგრძელოთ... ან ზეგ... ან... მოკლედ, როცა იქნება... თანაც, ჩაიც გაცივებულა...

 

ერთი კი ვუთხარი - ბატონო გოგი, რა პრობლემაა, უცებ შევაცხელებ-მეთქი, მაგრამ ზრდილობის გულისთვის ნათქვამად გამომივიდა, რადგან მისი ხასიათიდან გამომდინარე, ვიცოდი, დარჩენაზე ვერ დავიყოლიებდი.

 

მაგრამ, ძვირფასო მკითხველო, მერწმუნეთ, გაგრძელება აუცილებლად იქნება.

 

შეხვედრამდე...

  

    

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner