საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების მიერ სამეგრელოში სპეცრაზმის შეყვანის შეყვანის შესახებ სიცრუეა.
„ამ ტყუილებს, როგორც წესი, იგონებენ „ნაცმოძრაობის“ შტაბში ან მთავარ შტაბში, რომელიც არის ტელეკომპანია „მთავარის“ ოფისში, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში
„ამ შემთხვევაში ეს ტელევიზია პარტიის ჩვეულებრივი განაყოფია, არანაირი მტკიცებულება არ აქვს არასდროს. მსგავსი რამ არ იგეგმებოდა, თუმცა ნებისმიერი სპეცრაზმის ტერიტორიაზე პერიოდულად ერთი ადამიანი შედის, ვიღაცა გამოდის. ასე, ერთი ადამიანის შესვლა-გამოსვლას წარმოაჩენენ თითქოს იქ რაღაც მზადდება. ბუნებრივია, მსგავსი არაფერი ყოფილა, ისევე როგორც გუშინ იყო, თუ გუშინწინ ატეხეს ხმაური, რომ თითქოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულები არიან დამხმარეები“, - აღნიშნა სუბარმა.
მისი თქმით, სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ჩავიდნენ.
„ისინი არიან გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც ეხმარებიან ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციას. ისევე, როგორც ეს გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ესაა ჩვეულებრივი საარჩევნო პრაქტიკა და საოცარს ამაში ნურავინ ნურაფერს ხედავს. ის, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით და ყოველდღე ვხვდებით ადამიანებს, ესაა ზუსტად იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაგემოთ მწარე მარცხი „ნაციონალურ მოძრაობას“ მეცხრე წელს, მერვე არჩევნებში“, - განაცხადა სუბარმა.
ამასთან, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი არჩევნები თავისებური გაგებით რეფერენდუმია.
„იმიტომ, რომ ნებისმიერი არჩევნები გამოხატავს თავის მხარდაჭერას, სიმპათიას. ეს სიმპათია ელექტორატმა პირველ ტურში უკვე გამოხატა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 47%-მა, ამომრჩევლის ნახევარმა თქვა, რომ დიახ, ისინი მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. მაგრამ რეფერენდუმი იმ გაგებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია ამბობდა. უბრალოდ ნონსენსია, როდესაც ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიღებულმა შედეგმა უნდა განსაზღვროს საპარლამენტო არჩევნების შედეგი. ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება და ვერც საქართველოში მოხდებოდა. თუმცა საქართველოში ამ რეფერენდუმმა, აჩვენა მათი მარცხი“, - აღნიშნა სუბარმა.