logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სააკაშვილის ჯანმრთელობა არის მის ხელში და შეუძლია, ნებისმიერ წუთს შეწყვიტოს შიმშილობა
- +

26 ოქტომბერი. 2021. 17:53

 

 

 

„სააკაშვილის ჯანმრთელობა არის მის ხელში და შეუძლია, ნებისმიერ წუთს შეწყვიტოს შიმშილობა, ეს იქნება ყველაზე კარგი მისი ჯანმრთელობისა და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „იმედი Live“-ის ეთერში განაცხადა.

 

„სააკაშვილის ჯანმრთელობა არის მის ხელში და შეუძლია, ნებისმიერ წუთს შეწყვიტოს შიმშილობა, ეს იქნება ყველაზე კარგი მისი ჯანმრთელობისთვის და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის. შეწყვეტს თუ არა შიმშილობას, ეს რა თქმა უნდა მისი ნებაა, მე მას ამას ვერ დავაძალებ. თუმცა, უკეთესი იქნება მისმა მომხრეებმა მუდმივი წაქეზების ნაცვლად უთხრან, რომ მოიქცეს ისე, როგორც უკეთესი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

მან ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

 

„ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ძალიან კარგი პირობებია. ცა და დედამიწასავით არის განსხვავება იმასთან შედარებით, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. 12 განაჩენი არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი, სადაც საქართველოს სახელმწიფო გაამტყუნეს იმის გამო, რომ პაციენტებს არ მკურნალობდნენ სათანადოდ და ამან გამოიწვია ამ ადამიანების გარდაცვალება. ეს ეხებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ტუბერკულოზს და „ცე“ ჰეპატიტს. ვითარების გამოსწორების ნაცვლად კი ნაცმოძრაობამ „ცე“ ჰეპატიტის სკრინინგი საერთოდ აკრძალა, რაც ჩვენ მოსვლის პირველი დღიდანვე გამოვასწორეთ“, - განაცხადა სუბარმა.

 

მისივე თქმით, განურჩევლად იმისა, თუ რომელ კლინიკაში გადაიყვანენ სააკაშვილს, არანაირი ბუნტისა და არეულობის საფრთხე არ არსებობს.

 

„სად მოხვდება სააკაშვილი სამკურნალოდ, ამას ვერც მე და ვერც პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. გადაწყვეტილება მიიღება სპეციალისტების რჩევის მიხედვით, თუ ისინი იტყვიან, რომ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო არის აბსოლუტურად ადეკვატური, გადაიყვანენ იქ, თუ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა იქნება აუცილებელი, ამაზეც იზრუნებენ. რაც შეეხება ბუნტისა და არეულობის საფრთხეს, მსგავსი არაფერი მოხდება, ამის პირობას პოლიტიკური ხელმძღვანელობა და იუსტიციის სამინისტრო კონკრეტულად იღებს თავის თავზე“,- განაცხადა სუბარმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner