კულტურის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ინიცირების თაობაზე იმსჯელა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკითხი შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სახელოვნებო საგნების მასწავლებლების მომზადებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა, რომ დაარსების დღიდან კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების რეფორმაზე მუშაობს, ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმატში არა ერთი შეხვედრა და გასვლითი სხდომა გაიმართა. ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.
„შეხვედრებისას გამოიკვეთა მრავალი პრობლემა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სახელოვნებო განათლების სპეციალისტებისა და პედაგოგების სიმწირე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით სახელოვნებო განათლების საგნებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლიან მხოლოდ ის პედაგოგები, რომელთაც აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ასეთი სპეციალისტების რაოდენობა არის ძალიან ცოტა. შესაბამისად სახელოვნებო საგნების სწავლება სკოლებში უწევთ არა დარგის სპეციალისტებს, არამედ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, რაც მიუღებელია და აისახება განათლების ხარისხზე.
შესაბამისად კულტურის კომიტეტის სახელით მსურს საკანონმდებლო ინიციატივის წესით შევიმუშაოთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო საგნების სწავლების უფლება ექნება როგორც უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგებს, ასევე იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პროფესიული განათლება და არიან თავისი საქმის პროფესიონალები. ეს უზრუნველყოფს ბავშვებისათვის ხარისხიანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების გაზრდას“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ.
მსჯელობის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას.
სხდომაზე კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტით ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო გამკაცრება. კერძოდ, მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) ერთად პასუხისმგებლობა ვრცელდება ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მფლობელზე, რომელიც არ წარმოადგენს მესაკუთრეს.
ასევე ზუსტდება „ძეგლის განადგურებისა“ და „ძეგლის დაზიანების“ ტერმინები, ცალკე გამოიყოფა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა დისკრიმინაციული ნიშნით. ახლებურად განისაზღვრება უძრავი ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა.
მომხსენებლის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას თქმით, კანონის მიღება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად დაცვისათვის, ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფის გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირებისათვის. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს.
კომიტეტმა ასევე იმსჯელა „შემოქმედებით მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე. წინადადება ითვალისწინებს შემოქმედებითი კავშირისათვის 2011 წელს მინიჭებული ააიპ სტატუსის შეცვლას სსიპ-ის სტატუსით.
კომიტეტმა ამჯერად მიზანშეწონილად არ ჩათვალა წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა და გადაწყდა, რომ აღნიშნულის თაობაზე მსჯელობა შემოქმედებითი კავშირების წარმომადგენლებთან ერთად გაგრძელდეს, რის შემდეგაც კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას.