logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: თქვენ ჩემთვის პოეტი ხართ და გთხოვთ, ნუ დამაკარგინებთ პოეტს!
- +

26 ოქტომბერი. 2021. 20:14

 

 

 

„მომიწია კომენტარი გამეკეთებინა ჩემთვის საყვარელი სენაკელი პოეტის პოსტზე... ასევე, ჩავთვალე საჭიროდ,  ჩემი მეგობრებისთვის გამეზიარებინა  ჩემი პოზიცია. ღმერთო, ეს რა ცუდ ვითარებას მოგვასწარი... " - ამის შესახებ ყოფილი პარლამენტი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და პოეტ ვასილ ბესელიას ღია წერილის საპასუხოდ მიმართავს.

 

„ბატონო ვასილ, წიაღსვლებს არ დავიწყებ, პირდაპირ გეტყვით!

კარგია, რომ აღნიშნეთ პოლიტიკოსი არ ვარო. თქვენ კარგი პოეტი ხართ! ამიტომ, ვეცდები არაპოლიტიკური კითხვები დაგისვათ. ვფიქრობ, მაქვს უფლება, როგორც სენაკელს და სენაკელებზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს.

  1. ვინ დაუშალა ნაყოფიას მენჯის რეაბილიტაცია- აღდგენა?! ეს ობიექტი ძალზედ დაბალ ფასად დევს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში კარგახანია.
  2. როგორ ფიქრობთ, კომერციულ პროექტებში ფულის ჩასადებად ქალაქის მერის სავარძელია საჭირო?..
  3. რამდენად ქველმოქმედი და უანგაროდ მზრუნველი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც სისხლიანი პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი იყო წლების მანძილზე?
  4. თქვენ განათლებას და განსწავლულობას აქცევთ ყურადღებას და ნაყოფიას მაღალ IQ-ს იშველიებთ. სად, როდის, რომელ სფეროში გამოიყენა მან მისი ეს, ჩემთვის უცნობი, უფლის მადლი?.. მადინ, როდესაც ოქროს ეზიდებოდა რუსეთში?.. თუ მაშინ, როდესაც მიშას დანაშაულებს “

აპრავებდა”?...

  1. მე არ ვიცი და იქნებ, შემახსენოთ, სენაკისთვის და სენაკელებისთვის გაკეთებული ერთი საამაყო საქმე. აი, თუნდაც იმის მეასედი, რაც ივანიშვილმა გააკეთა ჩვენი საამაყო თეტრისთვის? ან იმის ნახევარი, რაც დემურის აქვს გაკეთებული განსაცდელში მყოფი ჩვენი კუთხის ოჯახებისთვის?

ბოლოს კი, ( ვერ ვეშვები პოლიტიკს) გკითხავთ:- თქვენ დაიცავთ სენაკელებს იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობის “ შტაბკვარწირად” ქცეული ქალაქის მერის კაბინეტიდან კიდევ ერთხელ გაიგებს ჩვენი სამეგრელო გამწირული კაცის სულისშემძვრელ ბღავის- ვაღოლა!!!! ვა ღო ლაა!!!

მაპატიეთ ემოციურობა! სენაკი არასოდეს გახდება ნაცმკვლელების საბაირამო ქალაქი!

თქვენ ჩემთვის პოეტი ხართ და გთხოვთ, ნუ დამაკარგინებთ პოეტს!" - წერს ხათუნა ხოფერია.

 

ვასილ ბესელიას ღია წერილი;

 

პოეტი ვასილ ბესელია:

ღია წერილი სენაკელებს

 

 თუ  მწერალი პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას პოლიტიკური მრწამსი და გემოვნება არ გააჩნია.

 

ამ წერილს, ძირითადად, სენაკელთათვის ვწერ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მას ჩემი ათასობით მკითხველიც წაიკითხავს. რასაკვირველია, მოწონებებს (ლაიქებს ) არ ველოდები, რადგან დღეს ყველაფერი საშიშია!

    

 ჩაიარა არჩევნების პირველმა ტურმა და სენაკში მერობის ორი კანდიდატი გამოიკვეთა. ერთი, კობა ნაყოფია - გამოცდილი მეწარმე და განათლებული პიროვნება,  მეორე - ვახტანგ გადელია, ქართული ოცნების წარმომადგენელი.  არ მინდა ამ ახალგაზრდას ვაწყენინო,  მაგრამ  მე მის გამოსვლას მოვუსმინე და ალალად ვიტყვი - არ გამოვა ამ კაცისგან თანამდებობის პირი. არაფერს ნიშნავს, რომ ის ცნობილი ბიზნესმენის, დემურ გადელიას ძმისშვილია.  უხერხულია მერობაზე   გქონდეს პრეტენზია და ვიღაცის მეტად უნიჭოდ დაწერილ ტექსტს კითხულობდე. უხერხული კი არა, სირცხვილია!

    

ჩემო სენაკელებო, მერია არაა  სასწავლო დაწესებულება, უსწავლელი რომ ვწვრთნათ და  დავავაჟკაცოთ. ხომ ავირჩიეთ ოთხი წლის წინ  ერთი ბრიყვი, რომელიც ისე გააპანღურეს  სენაკიდან, დღესაც არაა მიმხვდარი, რა უნდოდა აქ.  ერთი  ადამიანიც კი   არ მეგულება ამ კაცის ნორმალურობაზე მოლაპარაკე. ესაა ქართული ოცნების სახე, კაცი -  ცრუ, კაცი -  რეგვენი, კაცი -  შაურმა!  ღმერთმა დამიფაროს ამ უზრდელს ვახტანგ გადელია შევადარო, მაგრამ მერის ფუნქცია არაა მარტო ასფალტი, ტროტუარი და ბორდიური.

    

დღემდე მასშტაბურ პროექტებზე არავის ულაპარაკია.  მოდის კაცი, რომელიც მენჯის რეაბილიტაციას გვპირდება. ვინც აზროვნებს, მიხვდება, ეს რა ბედნიერებაცაა და არა მარტო სენაკისთვის.  სკოლაში ბავშვთა უფასო კვებაც  უზარმაზარი  საქმეა!   ხომ ყველამ იცის - კობა ნაყოფია ამის გამკეთებელია!   მოუსმინეთ,  შეისწავლეთ ეს ადამიანი და მასში საქმისა და სიტყვის კაცს აღმოაჩენთ. მენდეთ, ერთი სიამოვნებაა მასთან საუბარი, ზრდილობისა და უბრალოების განსახიერებაა.

 

რა, ისევ ქართული ოცნება გინდათ?!  ისევ უფასო ფულს, უფასო განათლებას, თითქმის უფასო ბენზინს,  ელექტროენერგიას და თავზესაყრელ დემოკრატიას ელოდებით?  გაგიჟდით ხალხნო?!

 

 მივმართავ საჯარო მოხელეებს, მტერი იქნა მუდამ გაგდების მოლოდინში, ერთხელ და სამუდამოდ   იგრძენით თავი დაცულად,  ნუ აყვებით ამ უბედურებას,  ნუ ჩაქვესკნელდებით ქართულ ოცნებასთან ერთად!   სოფლის რწმუნებულებო, ჩემო ყოფილო კოლეგებო და ახლებო, დაანებეთ თავი სამარცხვინო აქტივობებს, არჩევნები არაა თქვენი საქმე, მიუშვით ხალხი ნებაზე, ნუ ატყუებთ, ნუ ასიაფანდებთ.  ყველაფერს საზღვარი აქვს, ახლა ამის გაკეთება სამშობლოს ღალატია. ნუ დაუკარგავთ თქვენს შვილებს მომავალს. სენაკშიც უნდა შეიძლებოდეს ცხოვრება და მოღვაწეობა. ერთხელ მაინც ვიგრძნოთ თავი ადამიანებად, ნუ ვიქნებით სათამაშოები!

 

გვეყო!!!   გვეყო!!!   გვეყო!!!

  

 პერსონალურად  მივმართავ ბატონ დემურ გადელიას, ქველმოქმედ კაცს, ქოცების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს.   მე არ ვარ უმადური და ვამბობ, მისგან სიკეთე მახსოვს.

 

ბატონო დემურ!

 

2016 წელს, თქვენ, საგანგებოდ გამოწყობილი,  შავი ჯიპით მიემართებოდით ზუგდიდში, სადაც  ქართულ ოცნებას საპარლამენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინეთ.  უკან მოგყვებოდათ  სენაკელი საჯარო მოხელეებით გაძეძგილი ავტომობილების შლეიფი.   რესტორანში სუფრაც შეკვეთილი გქონდათ  და დაბრუნებულზე   დაშხოშიან შებერვასაც ვაპირებდით, მაგრამ ხობთან ზარი და თავზარი ერთად წამოგეწიათ - უკან დაბრუნდით, თქვენს პერსონას  ირაკლი ბერაია ვარჩიეთო.  გზიდან მოგაბრუნეს ამ ხნის კაცი.  სულში ჩაგაფურთხეს.მაშინ, ვინ იყო ბერაია, სენაკში კაციშვილმა არ იცოდა და უბედურება ისაა, რომ მას არც ახლა იცნობენ.   მე მახსოვს თქვენი ცრემლიანი თვალები...

 

  სამართლიანობა მოითხოვს  ითქვას,  იმ დღიდან ჩვენი რაიონის საქმე უკუღმა წავიდა.   მაშინ ის ვიფიქრე , რომ  სენაკი და სენაკელები    მთავრობას  ფეხებზე ეკიდა, დღეს ვფიქრობ, რომ თქვენ თქვენი ავტორიტეტი და ღირსება გკიდიათ ფეხებზე.  აბა, როგორ იკადრეთ, ისევ ქოცების შტაბს ჩადგომოდით სათავეში და ამ  საარჩევნო ვაკხანალიაში თქვენი უმეცარი ძმიშვილი ჩაგეთრიათ,  ეს ყმაწვილი თუ არ გეცოდებათ, სენაკელებს რას გვერჩით, ისევ ექსპერიმენტები და მოზარდები გვჭირდება სათავეში? 

 

რა უნდა აკეთოს ამ კაცმა მერიაში,  ერთხელაც  ჩამოურბინოს ტრეოტუარებს,  აყაროს და ისევ დააგოს?  ამას ის წინამორბედი შტერიც აკეთებდა,  თანამდებობას სხვა მუღამი უნდა და ეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ!  სენაკს დღეს ჰაერივით რომ სჭირდება კობა ნაყოფიას  ხელი, არც ეს გესწავლებათ  არავისგან.  ამ რაიონისთვის  სიკეთე რომ გინდოდეთ, ახლავე, ამ წერილის წაკითხვისთანავე, მიატოვებდით იმ დაწყევლილ შტაბს, თვალებს აუხელდით  თქვენს ძმისშვილსაც  და შუა გზაზე დააგდებდით ამ უნამუსოთა ბანდას, ისე, როგორც თქვენ დაგტოვეს გაოგნებული ხობის შარაზე და ნახევარი სიცოცხლე დაგაკარგვინეს.

    

 მე ჩემი გითხარით, ბატონო დემურ, ვიცი, დღეს დიდია შიშის ძალა, მაგრამ ბევრად ძლიერია მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის შიში.   კიდევ ერთხელ გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას.

    

სენაკელებო, მიეცით ხმა კობა ნაყოფიას, თქვენი ბედი თქვენს ხელშია.  უარი  სამუდამოდ მისაბიშვილებს, რუსიებს, გადელიებს... და ერთპარტიულ ჯოჯოხეთს!

 

თქვენი  ვასილ  ბესელია

პოეტი, პროზაიკოსი

საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის გამგეობის წევრი

პროფესიონალ მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციის, პენ-კლუბის წევრი

გალაკტიონ ტაბიძისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი.

სენაკის საპატიო  მოქალაქე

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner