logo_geo
eng_logo
„უძინართა მზის“ დათო: ცხოვრებამ გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი
- +

28 ივლისი. 2016. 17:32



სად გაქრა და რატომ არ ჩანდა ქართული ფილმის „უძინართა მზის" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი დათო კაზიშვილი. მასზე იმასაც ამბობდნენ, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობსო, ისიც დაიწერა - გარდაიცვალაო. რეალურად, დათო საქართველოშია და სვეტიცხოველში მსახურობს.


დათო კაზიშვილი ჟურნალ „გზასთან" მისი ცხოვრების უცნობ დეტალებს ჰყვება:


(ამონარიდი ინტერვიუდან)


- დათო, ბოლო დროს შენზე ათასნაირი ჭორი გავრცელდა. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?


- არ ვიცი, რა გითხრა. ალბათ, ტელეეკრანზე რომ არ ვჩანვარ და არც პრესაში იბეჭდება ჩემი სტატიები, ხალხი ათას რამეს იგონებს.


- ბევრი ძებნის შემდეგ, მონასტერში გიპოვე. აქ როგორ და რა გზით მოხვედი?


- ცხოვრებამ მომიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე. მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე. მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი. თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ, ანუ სანთლებს ვქნი... ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა... ჩემთვის ძნელი აღმოჩნდა ბევრი რამის უგულებელყოფა. ახლა ის პროცესია, როცა უნდა გაირკვეს, საცხოვრებლად აქ დავრჩები თუ ძველ ყოფას დავუბრუნდები. საერო ცხოვრება დიდი ცდუნებაა, ათასი რაღაც მენატრება.


- არსებობს შანსი, რომ ცოლს შეურიგდე?


- ამის შანსი აღარ არსებობს! მან ოჯახის დანგრევით ძალიან მატკინა გული. ვეღარ ვეტყვი, - მიყვარხარ-მეთქი, რადგან ეს ტყუილი იქნება. მე მიყვარს გოგონა, რომელიც დაქორწინებამდე შემიყვარდა, მაგრამ ახლა ის ჩემთვის აღარ არსებობს... გვყავს 6 წლის თეკლა, რომელიც ჯერ პატარაა და ჩემს სანახავად ვერ მოდის. ამიტომ, მე მივდივარ მასთან და ვნახულობ... უფროსი ქალიშვილი მყავს - ნიკი, რომელიც მალე 15 წლის გახდება. ის დედასთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს და სამწუხაროდ, მასთან კონტაქტი თითქმის არ მაქვს. ვიდრე პატარა იყო, დღე არ გავიდოდა, მასთან არ მივსულიყავი. ერთად კარგად ვერთობოდით. მერე დედამისმა ამერიკაში წაიყვანა. რომ დავურეკე, მითხრა, - ბავშვს აღარ დაეკონტაქტო, აცადე, ახალ ცხოვრებას შეეგუოსო. მაშინ ნიკი 3 წლის იყო. დედამისი გათხოვდა და ბავშვი ახალ ოჯახს უნდა შეჩვეოდა. რა ვიცი, ალბათ, ეს ილონას (ბავშვის დედა) მხრიდან ქალური შურისძიება იყო.


- რისთვის იძია შური?


- ალბათ, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგა.


- ხშირად, ადამიანი მონასტერში სინანულის გამო მიდის. შენ რას ნანობ ყველაზე მეტად?


- უჰ, იმდენ რამეს ვნანობ... მაგალითად, ჩემს საყვარელ ხალხს რომ ვერ გამოვადექი ისე, როგორც მინდოდა. სხვათა შორის, მეგობარმა მითხრა, - შენ პატარაობიდანვე ისე ცხოვრობდი, რომ გარშემომყოფები იმედის თვალით შემოგყურებდნენ, მაგრამ მათ ეს იმედი გაუცრუეო. ჩემი მეგობარი მართალია! ვნანობ, რომ მამას ისე ვერ მოვეფერე და ვერ გავუფრთხილდი, როგორც იმსახურებდა, ახლა კი შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მაქვს, რადგან გარდაცვლილია.


- რას იტყვი იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობის გამოსწორების შანსი გაქვს?


- არსებობს ასეთი გამონათქვამი: უფრო მეტი ელაპარაკე უფალს შვილებზე, ვიდრე შვილებს - უფალზე. ჰოდა, მე სწორედ ასე ვიქცევი...



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner