დღეს, თბილისში 17:00 დაგეგმილ აქციაზე, „ქართული ოცნების“ მომხრეები რეგიონებიდანაც ჩამოვლენ. ავტოკოლონა უკვე დაიძრა ბათუმიდან. ზუგდიდში პარტიის მხარდამჭერები ქალაქის მთავარ მოედანზე ამ წუთებშიც იკრიბებიან. ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილი კი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გია ბასილაძე აცხადებს, რომ დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე 5 ათასი ადამიანი მიდის, რომელიც მხოლოდ ნაწილია იმ ამომრჩევლისა, ვისაც აქციაზე წასვლისა და „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის სურვილი ჰქონდა. „მაგრამ ამას ხელი შეუშალა იმან, რომ დღეს სამუშაო დღეა და ყველამ ვერ შეძლო სამსახურიდან გათავისუფლება“, - აღნიშნა ბასილაძემ.
„ქართული ოცნების“ მომხრეები იკრიბებიან თელავსა და გორშიც, საიდანაც ავტოკოლონები დაახლოებით 11:00 საათისთვის დაიძრება.
აქცია არავის წინააღმდეგ - ასე აანონსებს პარტია „ქართული ოცნება“ დღევანდელ შეკრებას. თავისუფლების მოედანზე, აქციაზე დასასწრებად, „ქართული ოცნება“ უხმობს ყველას, ვისთვისაც ქვეყნის მომავალი სულერთი არ არის, და ვინც ქვეყნის დასავლური ღირებულებების მომხრეა.
როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ამ აქციით კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი განვითარებასა და ქვეყნის წარმატებაზე ზრუნვაა.