ავტორი ანა ნონიკაშვილი
„გიორგი პაპუაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მოიაზრებიან ერთი გუნდის წევრებად",- ამ სიტყვებით აფასებს პარლამენტის წევრი და პარტია „თამაზ მეჭიაური- ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური „რეპორტიორთან" საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს ზეწოლებთან დაკავშირებით.
„გიორგი პაპუაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მოიაზრებიან ერთი გუნდის წევრებად.
პრეზიდენტის განცხადებას რაც შეეხება ოჯახის წევრების შევიწროებასთან დაკავშირებით და ა.შ. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ზოგიერთი საერთოდ არ თვლის ცოლის ნათესავებს ნათესავებად, ამან კი, ვისთანაც ახლოს გაიარა, ყველა ნათესავად ჩათვალა.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევჯერდეთ, ვინ ითვლება პრეზიდენტის ნათესავად, ვისზე უნდა გავრცელდეს იმუნიტეტი, თორემ შეიძლება მივიდეთ ისეთ კურიოზულ სიტუაციამდე, რომ მისი ნება-სურვილით ნახევარი საქართველო მისი ნათესავი აღმოჩნდება. შემდეგ, მოგვიწევს ამ ნახევარი საქართველოსთვის პრივილეგიების მინიჭება, მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი ნათესავად თვლის", - განაცხადა მეჭიაურმა.