logo_geo
eng_logo
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- +

28 ივლისი. 2016. 18:33



ფონიჭალაში დედა-შვილის, ნონა რომანიძისა და მარიამ მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.


პროკურატურა დაპატიმრებას  ითხოვდა. ადვოკატი კი აღკვეთის გარეშე ბრალდებულის გათავისუფლებას.


 ბრალდებულმა მანამდე პოლიციელები და პროკურორები წამებაში დაადანაშაულა. გიორგი ხაბელაშვილის განცხადებით, 25 ივლისს, ავლაბარში დაკავების დროს, პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი პოლიეთილენის პარკები ჩამოაცვეს თავზე.




„ორი ჩვენება მიმაცემინეს. პირველ ჩვენებაში დამასახელებინეს თანამონაწილე ნიკა პრაზნიკი, რომელსაც ალიბი აღმოაჩნდა. შემდეგ მეორე ჩვენება მიმაცემინეს. ვიდეოთი იწერებოდა და ვითხოვ ამ მასალის წარდგენას",-განაცხადა ბრალდებულმა და ერთ-ერთი პროკურორის გოჩა ქორაიას აცილება მოითხოვა.


მისი თქმით, პოლიციაში მის წამებას ქორაიაც ესწრებოდა. პროკურორმა გოჩა ქორაიამ ბრალდება უარყო. მოსამართლემ მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურას კი ბრალდებულის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.


ბრალდების მტკიცებით, 2016 წლის 22 თებერვალს, როდესაც ოჯახის უფროსი ოთარ მამფორია ავტოსამრეცხაოში, სამსახურში იმყოფებოდა, 7000 დოლარის დაუფლების მიზნით მის სახლში შევიდა ხაბელაშვილი, რომელმაც 3 წლის  მარიამ მამფორია და მისი დედა ნონა რომანიძე დანით მოკლა.


თანხა ვერ იპოვა, კვალის წაშლის მიზნით კი სახლში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა. პროკურორის თქმით, დანაზე აღმოჩენილია ბრალდებულის დნმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner