თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დღეს ჩვენებას მისცემს ექსპერტი მამუკა არეშიძე, რომელიც წლების წინ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა.
როგორც მამუკა არეშიძემ განაცხადა, აღნიშნული ორგანიზაცია სწორედ საზღვრების საკითხებზე მუშაობდა.
მამუკა არეშიძე იხსენებს, რომ ბრალდებულ ივერი მელაშვილთან შეხვედრა ერთხელ ჰქონდა, თუმცა შეხვედრა გარეჯს არ ეხებოდა.
„ჩემი ჩვენება ემყარება სიტუაციას, რომელიც იყო გარეჯის კომპლექსის გარშემო 1988-89 წლიდან. რა ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა, რისი მომსწრე ვარ და რა ვნახე. რომელ წელს გაჩნდნენ იქ აზერბაიჯანელები. რა ხდებოდა 2 000-იანი წლების პირველ ნახევარში. მელაშვილთან ერთხელ მქონდა შეხვედრა, ეს იყო რუსეთის საზღვრებთან დაკავშირებით და არა გარეჯზე. ცუდად დამთავრდა საუბარი, ამ სადავო მონაკვეთებზე არ გვქონდა საუბარი. მივხვდი, რომ ამ კაცს არ სურდა თანამშრომლობა. ჩვენ მაშინ არასამთავრობო სექტორიდან ვიყავით. მე შემიძლია, გითხრათ, 90-იან წლებში ხშირად ვიყავი იქ და ვხედავდი სიტუაციას, საკითხი, რომელიც ეხებოდა აზერბაიჯანის მხრიდან აქტიურობას.
მე ეს 2007 წელს შევამჩნიე, მივხვდი, რომ რაღაცა უსიამოვნო ხდებოდა. შემიძლია, გითხრათ ჩემს განწყობებზე. წლები გადიოდა, უარესდებოდა მდგომარეობა. კომისიისგან ვერ ვღებულობდი პასუხებს. ეს ეხებოდა პირველ რიგში გარეჯს, მაგრამ გარეჯი იყო მთავარი და საზოგადოებრივი ინტერესი იყო მაღალი. მე მგონია, რომ კომისიის გადაწყვეტილება პოლიტიკური ვერ იქნებოდა, ეს იყო შუალედური. პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ლიდერებს. 2006 წლის შუალედური დასკვნა, რომელიც გააკეთა კომისიამ, გადაიქცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. მე მაიც ვიმეორებ, მელაშვილ-ილიჩოვას თავისი წვლილი აქვთ, ჩემი საპრეტენზიო ნაწილი არის ხელისუფლებების პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, დავითგარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა.
მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ამასთან, პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.