„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, გიგა ბოკერიას ყოფილი მოადგილე და დღეს „მედიის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი (ამ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ თავისუფალი მედიის განვითარებას უჭერენ მხარს(?!) თამარ კინწურაშვილი დღეს თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად (თავისუფალი მედიის განვითარების მისიის ფარგლებში) იმ მედიასაშუალებების სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტრაქტების დათვლას სახავს, რომელი მედიასაშუალებებიც, რბილად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილსა და, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას" გუნდრუკს არ უკმევს.
სწორედ მსგავსი კვლევა დადო რამდენიმე კვირის წინათ კინწურაშვილის ფონდმა, სადაც განსაკუთრებით იმ სააგენტოებთან თუ სხვა სახის მედიასაშუალებებთან გაფორმებული საბიუჯეტო სტრუქტურების კონტრაქტების გამო მოთქვამდა, რომლებიც მათი შეფასებით, „პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან და ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან არიან დაკავშირებული".
ეს სხვა თემაა, რაზეც სასამართლო იმსჯელებს, მანამდე კი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესი" გთავაზობთ ძალიან მცირე ფრაგმენტს იმ ხარჯებისა, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ სწორედ თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობის დროს იქნა გაწეული.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ტელევიზიას, რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი ესაჭიროება, რათა მან ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს, თუმცა როგორ ფუნქციონირებდა კინწურაშვილის დროს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" (რომელმაც თავი მხოლოდ გველივით დაკლაკნილი ლოგოთი დაგვამახსოვრა) და ამის ფონზე რა ხარჯებს ეწეოდა ტელეკომპანია, რომელიც ხალხის ჯიბიდან ფინანსდება, დასკვნის გაკეთებას მკითხველს მივანდობთ.
მაშ ასე:
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 2006 წლის 15 თებერვალს 232 657 ლარის ღირებულების ტექნიკა შეიძინა, დაახლოებით იმავე პერიოდში კი, 418 556 ლარი ფილმების თარგმნა-გახმოვანებაში დახარჯა.
2006 წლის 23 თებერვალს კონწურაშვილის მაშინდელმა უწყებამ 277 200 ლარის ღირებულების საწვავი შეიძინა.
როგორც ჩანს, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" 2006 წლის 15 თებერვალს შეძენილი ტექნიკა საკმარისი არ აღმოჩნდა და იმავე ტექნიკის შესაძენად, უწყების ბიუჯეტიდან 175 430 ლარი გაიხარჯა.
ტექნიკა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იმავე წლის 25 მაისს შეიძინა(ორჯერ), შესაბამისად, 287 550 და 215 315 ლარის ღირებულების.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ იმავე პერიოდში, კინწურაშვილის ქვემდებარე უწყებამ ტექნიკა შეიძინა 7 ივნისს, 27 ივნისს და 29 ივნისს 3-ჯერ! დახარჯულმა თანხამ, შესაბამისად 48 460; 7 700; 41 600; 432 602 და 126 958 ლარი შეადგინა.
2006 წლის 4 მაისს კი, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 62 357 ლარის ღირებულების კასეტები და დისკები შეიძინა.
იმავე პერიოდში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 45 ათასი ლარი ღირებულების ტექნიკა ისევ შეიძინა, პარალელურ რეჟიმში კი, „გადაუდებელი აუცილებლობის" მუხლით, 27 აპრილს (ორჯერ) 68 418 და 121 815 ლარის ღირებულების ტელე-რადიოაღჭურვილობა შეისყიდა.
ტექნიკის შესყიდვით დაიწყო „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 2007 წელიც და უკვე 17 იანვარს, ერთ დღეში ოთხჯერ განახორციელა შესყიდვა, რომელთა თანხობრივი მოცულობა 51 970; 76 515; 163 682 და 26 948 ლარი იყო.
მხატვრული ფილმების თარგმნა-გახმოვანებისთვის, 2007 წლის დასაწყისიდანვე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტიდან 259 862 ლარი, ხოლო დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების თარგმნა-გახმოვანებისთვის 86 555 ლარი გავიდა.
2007 წლის 15 და 16 მარტს, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტექნიკის შეძენა ისევ 5-ჯერ - 326 125; 11 962; 429 519; 186 965 და 90 550 ლარის მოცულობით განახორციელა.
ასევე გეტყვით, რომ ისევ და ისევ ტექნიკის შესაძენად, 13 სექტემბერს განსხვავებულად დიდი თანხა, 749 191 ლარი დაიხარჯა.
რაც ყველაზე საყურადღებოა: 2007წლის 25 სექტემბერს, კინწურაშვილის მაშინდელმა უწყებამ საოფისე ფართის დალაგებისა და მიმდებარე ეზოს მოვლისთვის, 165 ათასი ლარი გადაიხადა.
26, 29 და 30 (ორჯერ) ოქტომბერს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტი ისევ ტექნიკის შეძენის მუხლით 37 070; 118 024; 69 793 და 153 416 ლარის ოდენობით გაიხარჯა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცენტრალურ შენობაში განთავსებული სასტუდიო-სააპარატურო სათავსოებისთვის განკუთვნილი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის კი 2007 წლის 5 დეკემბერს 796 447 ლარი გაიცა.
და კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: იმავე წლის 17 დეკემბერს, ტელევიზიის რებრენდინგ მომსახურებისთვის 748 374 ლარი იქნა გადახდილი.
საინტერესოა, თითქმის 750 ათასი ლარი თუ ქალბატონმა კინწურაშვილმა იმ გველისებური ლოგოს შექმნაში გადაიხადა, რომელიც კარგა ხანს საზოგადოებისა და იუმორისტული გადაცემების ხუმრობის თემა იყო, აქ შესაძლოა, სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე შესაბამისი ორგანოებიც დაინტერესდნენ.
სხვა რებრენდინგი, თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობის დროს, როგორც მახსოვს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს" არ განუცდია.
და კიდევ ერთი საინტერესო ფრაგმენტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტიდან 54 600 ლარი 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გრაფიკული გაფორმებას მოხმარებია!
შეგახსენებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც თამარ კინწურაშვილის „საზოგადოებრივი მაუწყებლის" თავმჯდომარეობის მხოლოდ ორი წლის მანძლზე იქნება გაწეული.