„ჩვენი გუნდის მთავარი საზრუნავი და ღირებულება ყოველთვის იყო ადამიანი და გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ თითოეულმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ქვეყანაში შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში და მათი შრომა გახდეს დაფასებული“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ქვეყნისთვის ერთერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია.
,,დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება გამარჯვებები. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვების და წარმატების. გამარჯვებაა, როცა თითოეული ოჯახი იქნება ძლიერი. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, რომელიც სამწუხაროდ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების და აუცილებელია რომ მათთან გამკლავება იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანი. შემდეგი სამი წელი ქვეყანაში უნდა დაეთმოს მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას, რეფორმებს - დაწყებული რეფორმების დასრულებას და ახალი რეფორმების დაწყებას. რა თქმა უნდა მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ოკუპაცია. მე მინდა მივესალმო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და დავპირდე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად, გამთლიანებულ და მშვიდობიან საქართველოში ვიცხოვროთ. საქართველო მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთერთი საუკეთესო, გამორჩეული ქვეყანა ვართ და ამას ჩვენ შევძლებთ შრომითა და საყოველთაო ეროვნული ერთიანობით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.