„ჰაერის დაბინძურება და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, აქაც გვაქვს კონკრეტული მიღწევები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„გვაქვს ჰაერის 20%-იანი გაუმჯობესება. რამ გამოიწვია ეს? პირველ რიგში სამშენებლო რეგულაციებმა. შეიძლება მტკივნეული იყო, შეიძლება თავიდან ბიზნესი უკმაყოფილო იყო, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის მეგობრებო. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, შეუძლებელია რამე წარმატებაზე ფიქრი. ამიტომ გავაკეთეთ და მივიღეთ ეს რეგულაციები. უმნიშვნელოვანესია გამწვანება, არა მხოლოდ პარკები და სკვერები, იგივე გზაგამყოფები, რომლებიც საკმაოდ თვალშისაცემია ქალაქში. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაც. დღეს არცერთი ყვითელი ავტობუსი არ დადის. წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი „მარშუტკა“ არ იმოძრავებს, რომელიც გამონაბოლქვის თვალსაზრისით ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა იყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.