logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ძალიან უზუსტესი შეფასებები და პოლიტიკური გზავნილები იყო პრემიერ - მინისტრისგან
- +

28 ოქტომბერი. 2021. 14:29

 

 

 

„იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უმწვავესად აკრიტიკებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი მხრიდან საკმაოდ ზუსტი გზავნილები იყო გაჟღერებული“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია აბაშიძე პრემიერ მინისტრის „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქვეყანაში წარმოქმნილი პრობლემებისა, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან და მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშიც ეს იყო ნათქვამი, რომ ვერავინ შეაფერხებს საქართველოს ამ გზიდან გადახვევას.

 

„მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ უკურეაქციებიდან რომ არ ვიმსჯელოთ და სერიოზულად რომ ვთქვათ, დიახაც, ძალიან უზუსტესი შეფასებები და პოლიტიკური გზავნილები იყო პრემიერ-მინისტრისგან, ასევე, სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან.

 

ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, სიღარიბისა, პანდემიისა, შიდა ოპონენტების დესტრუქციისა საქართველოს არ გადაუხვევია და არც გადაუხვევს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, რომელიც ამ ბოლო 8 წელიწადში საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. ასევე, პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას უთხრა ხაზგასმით, რომ ცალკეული უცხოელი ლობისტები, ცალკეული პოლიტიკანები დასავლეთში, თუ ჟურნალისტები ვერანაირად ვერ შეაჩერებენ და შეაფერხებენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუციურ ინტეგრაციას, რაც არ უნდა საქართველოსთვის დამაზიანებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთონ ქვეყნის მართლმსაჯულებაზე, სუვერენიტეტზე და კანონის უზენაესობაზე.

 

ვფიქრობ, რომ ხალხს მობეზრდა ვიღაც კუბილიუსები და კრამერები თითს გვიქნევენ და თუ კუბილიუსი ფიქრობს ევროპულ პოლიტიკაზე, მან ამას მიხედოს, ვიდრე ისაუბროს იმაზე, სააკაშვილმა სითხე მიიღო თუ არ მიიღო. სააკაშვილი ძალიან კარგად არის თანამედროვე ქართულ ციხეში, მისი უფლებები და ჯანმრთელობა აბსოლუტურად დაცულია.

 

ზედმეტი განცხადებების გაკეთება უპასუხისმგებლო თვითონ ამ ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების რეპუტაციას აზიანებს საქართველოში, თორემ ჩვენთან რომ არ არის უდიდეს ნაწილში პრორუსული განწყობები და პირიქით, პროდასავლურია, ეს გუშინდელმა მრავალ ათი ათასიანმა შეკრებამაც დაადასტურა“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება გამართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მოსახლეობას პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადეს და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდეს.

„დაე, ყველამ იცოდეს და კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner