ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე ნიკა გვარამიას სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:
"ვინა ხარ შენ, ნიკა გვარამიავ?
როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ნუთუ მაშინ მაინც არ გიჩნდება კითხვა: „ვინ ვარ მე?"
ასეთ თემას ყველა პირველკურსელს ვაწერინებ.
ეს ბატონი ნოდარ ტაბიძისგან წამოვიღე.
იმ განუმეორებელი პროფესორისგან, თქვენმა ხელისუფლებამ უნივერსიტეტიდან რომ გააძევა.
იმ დროს განათლების მინისტრი თქვენ არ იყავით, ჯერ პროკურორობა უნდა გამოგევლოთ(?!), მაგრამ თქვენი ბელადი ხომ „ყოველთვის იყო?!"
სხვათა შორის, თქვენი მინისტრობიდან ერთი გამონათება მახსოვს.
ვერ დაგიკარგავთ:
როცა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებამ ნამდვილი „დედა ენა" წარმოგიდგინათ, მოიწონეთ და სკოლისკენ გზა მიეცით.
ყოველ შემთხვევაში, თქვენეული რეზოლუცია ამას მოწმობდა.
მაგრამ შემდეგ რატომ აღარ დაინტერესდით „დედა ენის" ბედით?!
სად იყავით მაშინ, როცა თქვენი ბელადი პირველკლასელებს „საზეიმო ვითარებაში" ურიგებდა ბაკურ სულაკაურის გამოცემულ „დედა ენას" , სადაც დედა შვილს (ანდა - პირიქით) იას კი არ აჩვენებდა, არამედ აღტაცებით ეუბნებოდა:
„ აუ, რა ლამაზი შადრევანია?!"
„ ნახე, რამდენი ვარდია?!"
„შეხე, რა დიდი თვითმფრინავია?!"
და სადაც ც. ხოცუაშვილის(?!) ოცდაერთი „ლექსი" იყო შეტანილი.
საწყალი იაკობი კი „დედა ენისთვის" ლექსების დაწერას ყელგამოწვდილი სთხოვდა ... აკაკის.
დიახ, ვარდმა, თვითმფრინავმა და შადრევანმა, თქვენეული რევოლუციის ლექსიკამ, ჩაანაცვლა იაკობის მსოფლიო აღმოჩენა - საანბანე სახელმძღვანელოს ოქროს გასაღები: „აი ია"...
სიტყვა გამიგრძელდა.
ისევ კითხვას მივუბრუნდები:
ვინა ხარ შენ, ნიკა გვარამიავ?
დაფიქრებულხარ ამ კითხვაზე?
ერთხელ მაინც დამდგარხარ სარკესთან და საკუთარი თავისთვის გიკითხავს:
გაქვს კი უფლება, მოსაყდრეს სულიერად გახრწნილი უწოდო?
სააკაშვილის ნების ასე ურცხვად ამსრულებელს, გაქვს კი უფლება, ვინმეს ბიძინას მონა უწოდო?
გაქვს კი უფლება, საერთოდ ეკრანზე გამოჩნდე?
რას დაემსგავსე?!
რას დაამსგავსე შენი ჟურნალისტები?!
ეს რა აკადრეთ ქუთაისს?!
გუშინ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ თავისუფალ ქართველებს რა აკადრეთ?!
მთელს საქართველოს რას აკადრებთ?!
მინისტრობის შემდეგ რომ სასწავლებლად (?!) გაგაგზავნეს, ასეთი კურიოზი რომ სხვას დამართნოდა, ადვილი წარმოსადგენია, რა ამბავს ატეხდი.
იქნებ დადგა დრო, რომ სასწავლებლად კი არა, ცოდვების მოსანანიებლად გაემგზავრო, ოღონდ, არა მელიასავით და არა იერუსალიმში, არამედ აქვე, ჩვენთან, ჩვენს რომელსამე მონასტერში.
იქნებ სათნოება და სიყვარული სწორედ იმან დაგიბრუნოს, რაც ახლა ყველაზე მეტად გძულს.
უფალი ხომ ყოვლიშემძლეა...
„წადი, წადი მონასტერში, მონასტერში"...გვარამიავ!" - წერს იოსებ ჭუმბურიძე.