ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და მას საინტერესო უწოდა.
„ზოგადად ყველა გამოსვლა საინტერესო და კარგი იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა ამ პერიოდისთვის. ფაქტობრივად, ძალიან სერიოზული დატვირთვა მიეცა ოპოზიციის დაკვეთით ყბადაღებული ე.წ. 43%-იანი რეფერნდუმით ამ ადგილობრივ არჩევნებს და როგორც მოსალოდნელი იყო მეორე ტურს.
პირველ ტურში რა მცდელობებიც ჰქონდათ არ გამოუვიდათ, მეორე ტურშიც ქმნიან, ასევე, ყალბ მოლოდინებს საკუთარი ფანკლუბისთვის, თითქოს ერთი ან ორი ოლქის, ან საკრებულოს მოგებით განსაკუთრებული სურათი დგებოდეს. აქ საბოტაჟის მოლოდინებს თავადვე ქმნიან, თუ მოიგებენ რომელიმე ოლქში დაიწყება საბოტაჟი სხვა მხრივ რა უნდა იყოს.
როგორც პირველი ტურის, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდშიც ვხედავთ, რომ ყოფილი ხელისუფლება არც აღიარებს, არც იაზრებს იმ დანაშაულებს შეცდომებს, როგორც უნდათ ისე უწოდონ, რის გამოც მათ მოსახლეობა არ იღებს და მიიღებს არასდროს“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოლოდინი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის დაკავების შემთხვევაში დუღილის ტემპერატურას აწევდნენ და მას დაიხსნიდნენ.
„მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ალბათ მოლოდინები ჰქონდათ, რომ დაკავების შემთხვევაშიც კი აწევდნენ დუღილის ტემპერატურას ისე რომ მალე დაიხსნიდნენ. ამის გამოცდილება მათ ჰქონდათ უკრაინაში. გვახსოვს, ორჯერ ჰქონდათ სააკაშვილის დაკავების მცდელობა.
აქაც ალბათ იყო მოლოდინი, რომ ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში თუ მოხდებოდა 3 ოქტომბრამდე მის დაკავებას, მოახდენდნენ სხვადასხვა ფორმით მის გათავისუფლებას, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ასე არ მოხდა.
ის დაპატიმრებულია და რთულია მის ადგილას საუბარი, ვინ როგორ მოიქცეოდა. წესით უკეთესი იქნებოდა დღეს ფაქტობრივად, რომ გასამართლებულიყო 9 წლის წინ, აქამდე სასჯელს მოიხდიდა. მისთვისა და მისი პარტიისთვისაც სხვა რეალობა იქნებოდა.
დღეს როცა ახლა იწყებს ამ სასჯელის მოხდას, 6 წლის შემდეგ რა იქნება და რამდენად საინტერესო იქნება მისი პერსონა ან მისი პარტიისთვის და საზოგადოებისთვის, ეს საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ.