ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველს მიმართავს ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს.
„მიმდინარე წლის 13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს. ცვლილება ეხება ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამ ტიპის ამომრჩევლები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი", - ნათქვამია ცესკო-ს მიმართვაში.
ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს, მოუწოდა დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
„პირველ აგვისტომდე დარჩა სულ რამდენიმე დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან. აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები უშუალოდ სააგენტოში მიიღებენ", - განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.
ცესკო-ს სპიკერმა დღეს პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა და შეახსენა, რომ მათ, ვისაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და სურთ არჩევნებში მონაწილეობა, უნდა მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს.
„ასევე, მინდა შევახსენო იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და სურთ არჩევნებში მონაწილეობა, მათ ცესკო-ს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით უნდა მომართონ მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რის შემდეგაც მათ უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკო-ს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა მომართოს მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა", - განაცხადა ანა მიქელაძემ.