„ე.წ. „ქოლცენტრების“ დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებაა", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.
„გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების, კერძოდ, ე.წ. „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ.
აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, აღნიშნული მიმართულებით, ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღმკვეთი ღონისძიებები“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დააკავა ორგანიზებული ჯგუფის 7 წევრი, რომლებმაც საქართველოში დააფუძნეს ექვსი შპს, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი ხდებოდნენ.