logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი დატოვა წმინდა, ყველაფერს აუბრალოებენ, მათ შორის შიმშილობის აქტისაც
- +

28 ოქტომბერი. 2021. 18:24

 

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი დატოვა წმინდა. ყველაფრის გაუბრალოებას ახდენენ, მათ შორის შიმშილობის აქტისაც", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა იმედი Live-ის ეთერში განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრობის“ ფარისევლურ ბუნებას. სხვა დროსაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როდესაც ისინი ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლაც პატიმარს, მართალია ის თავის თავს აყენებინებს, მაგრამ იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან. დღეს, თუ არ ვცდები, 28-ე დღეა და უკვე მესამე დღეა ლამის ყოველდღე საუბრობენ იმაზე, რომ მალე ფატალურად დამთავრდება ყველაფერი. უკვე ერთი კვირაა ამბობენ, რომ წუთი-წუთზე მოხდება რამე, თუმცა უკვე ამდენი დრო გავიდა და ჯერჯერობით არაფერი მომხდარა. გუშინაც დედამისი იყო შესული და თქვა, რომ მცირედ სუსტად არის. თან ამბობენ, რომ წუთი-წუთზე შეიძლება რაღაც მოხდეს, შესაბამისად, საკმაოდ არეული აქვთ მათაც ის ინფორმაცია, რომელსაც აჟღერებენ. ერთი მხრივ ამბობენ, თითქოს შიმშილობს, მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ სააკაშვილი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებს სხვადასხვა სახით იღებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მან ასევე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფორმასა და მიზანზეც ისაუბრა.

 

„ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაფერი დატოვა წმინდა. ყველაფრის გაუბრალოებას ახდენენ, მათ შორის შიმშილობის აქტისაც. თაობისთვის, რომელსაც ახსოვს ეროვნული მოძრაობა, 1988-89 წლები, შიმშილობა, აქციები და ასე შემდეგ, გვახსოვს ის დასუსტებული ადამიანები, ვიცით რა პოლიტიკური და ფიზიკური აქტი იყო ეს მაშინ. ახლა სიმართლე გითხრათ ბოლომდე გარკვეულები არ ვართ რა ხდება. ისინი ამბობენ, რომ შიმშილობს, თან ამბობენ, რომ სხვადასხვა სახით გარკვეულ საკვებ ნივთიერებებს იღებს. ყოველ შემთხვევაში ფაქტი ერთია, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა არის მიხეილ სააკაშვილის ხელში და როგორც კი მას დასჭირდება სამედიცინო ჩარევა, სასჯელაღსრულების დაწესებულება თავისი მთელი ინფრასტრუქტურით იმისთვის არსებობს, რომ ეს ჩარევა განხორციელდეს. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა თუ არა ეს, იმდენად მოსუსტების საშუალებას არავინ მისცემს, რომ რაიმე ფატალურ შემთხვევასთან გვქონდეს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner