logo_geo
eng_logo
თამარ ბოლქვაძე: სიკვდილსაც დანანებიხარ, თურმე... ეგ ცისფერი თვალები ვერ დაგიხუჭა...
- +

28 ოქტომბერი. 2021. 18:58

 

 

28 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, მათ, ქართველმა საჯაროდ, ბევრი ადამიანის თვალწინ ესროლა.  დღეს, მისი დახვრეტიდან 28 წლის შემდეგ დათო ბოლქვაძის და, თამარ ბოლქვაძე სოციალურ ქსელში მის ძმას იხსენებს და წერს:

 

"იმ ქვეყნად გაგზავნილი წერილი... 

დათო, მენატრებიიიი! 1993 წლის 28 ოქტომბერს დასრულდა შენი ლამაზი სიცოცხლე აქ და მარადიულში გრძელდება...

დღემდე არ იცის შენმა მკვლელმა, არაკაცმა, რომ არსებობს მარადისობა და შენ უკვე მისი ბინადარი ხარ!..

28 წელი გავიდა, შენ ისევ 24 წლის ხარ, ისევ მზესავით თბილი ღიმილით, კეთილი გულით, თვალებში ცით, ისევ შენი საყვარელი კამერით და იმ ოცნებით, რომ ომი დამთავრდება და შენ ბუნებაზე ფილმს გადაიღებ, სულ მალე ულამაზეს ცოლს შეირთავ და გეყოლებათ თქვენსავით ლამაზი შვილები...

დათო, იცი, მჯერა, რომ ისევ აკეთებ შენს საქმეს იმ ქვეყნად, სადაც არც შურია, არც მტრობა, არც კაცისკვლა, მხოლოდ ნათელი ფერებია და სიყვარული, რომელსაც დრო და დრო სიზმრებს ატან ჩვენთან...

დედა უკვე დაგვიბერდა, ბევრი რამ ავიწყდება, მხოლოდ შენი ყოველი დღე ახსოვს, დაბადებიდან გარდაცვალებამდე...

 იცი, სულ იმ კადრს ვახვევ, ბოლოს სახლიდან რომ გახვედი, ბოლომდე რომ გაგაყოლე თვალი ფანჯრიდან გადმოკიდებულმა... თურმე, წუთისოფლიდან გაცილებდი...

 სიკვდილსაც დანანებიხარ, თურმე... ეგ ცისფერი თვალები ვერ დაგიხუჭა...

აქედან გიგზავნი მოკითხვის წერილს, შენ ვიცი, არ მიპასუხებ... ყველაფერს ხომ მაშინ მიამბობ, როცა შევხვდებით... " - წერს თამარ ბოლქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner